უცხოელი ექსპერტი საკონსტიტუციოში „ფარულ მოსმენაზე“: სუსი არ უნდა ისმენდეს პირდაპირ, ვის ვესაუბრე ბათუმში

“ის შეკითხვები, რაც შეიძლება ჰქონდეს უშიშროებას, არ უნდა ჰქონდეს, როგორც წესი, სისხლის სამართლის წესით დაწყებულ გამოძიებას,” – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევროპელმა ექსპერტმა, დეივ ორელმა. იგი ექსპერტის სახით მოსარჩელეებმა მოიწვიეს სასამართლო სხდომაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 22 იანვარს, არსებითი განხილვა დაიწყო „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და აქვს „პროფესიული ინტერესი“.


მოსარჩელეები, ვინც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში სარჩელს მოაწერეს ხელი, თვლიან, რომ პარლამენტმა ახალი უწყების – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა, რადგან სააგენტოს კონტროლის უფლებამოსილება მხოლოდ სუს-ს აქვს.

მთავარ პრობლემად ევროპელმა ექსერტმა ერთი ორგანოს ორი ფუნქცია დაასახელა – გამოძიება და უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვებაც.

“დღეს მე ვარ ბათუმში – დაიწყო დეივ ორელმა, – წინა კვირას მე ვიყავი თბილისში. საინტერესოა, ვის შევხვდი ბათუმში, სად, ან ვის ვესაუბრე, ვისთან მქონდა ტელეფონით კომუნიკაცია… ეს გონივრული კითხვებია უშიშროებისთვის, მაგრამ გამოძიება, როგორც წესი, ამაზე არ მიდის. ის კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოწმდება… უშიშროება პირდაპირ, გამოძიების და შესაბამისი პროცედურის გარეშე ვერ უნდა მისმენდეს.

რისკი არის ის, რომ ერთი სააგენტო აკეთებს ორივეს და შესაძლებელია ინფორმაცია  ერთი კატეგორიიდან მეორეში მარტივად გადადიოდეს”, – აღნიშნა დეივ ორელმა.

ექსპერტმა დეტალურად ახსნა ტექნიკური მოწყობილობები, რომლითაც ფარული თვალთვალი ხორციელდება. ის უპირატესობას სტაციონარულ ტექნიკურ საშუალებას ანიჭებს. დეივ ორელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს შემთხვევაში პრობლემური და გაუმჭვირვალეა არასტაციონარული ტექნიკური საშუალების გამოყენება, მაგალითად, როცა თქვენს ნოუთბოუქში ჩაწერს სუს-ზე დაქვემდებარებული უწყება სპეციალურ პროგრამას და დაგაკვირდებათ.

ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მექანიზმი არ არის სრული გარანტია თვალთვალის კანონიერებისთვის.

“მისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია,” – დასძინა დეივ ორელმა.

ექსპერტმა მოხსენება უკვე დაასრულა. ახლა მას შეკითხვებს მოსამართლეები დაუსვამენ.

დეივ ორელი ირლანდიიდანაა. ის ფიზიკოსია და ახორციელებს ტექნიკური მოწყობილობების აუდიტს. ორელი ჩართულია ექსპერტის სახით კიბერდანაშაულების გამოძიების პროცესშიც.

ამ თემაზე:

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი