ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პროკურატურის ცნობით, მოშიმშილე აქტივისტს ალიევის რეკომენდაციით ბრალი მოუხსნეს

22 იანვარი, 2019 • 1402
პროკურატურის ცნობით, მოშიმშილე აქტივისტს ალიევის რეკომენდაციით ბრალი მოუხსნეს

საპატიმრო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე წაყენებული სისხლის სამართლის ახალი საქმე [პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასზე თავდასხმა] დაპატიმრებული და მოშიმშილე ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის მიმართ შეწყდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განაცხადებაში ნათქვამია, რომ თავად ჰუსეინოვისა და უფლებადამცველების პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ, ქვეყნის ლიდერმა გენერალურ პროკურატურას რეკომენდაცია მისცა, გამოძიების ობიექტურობა უზრუნველყონ.

“ჰუსეინოვის ახალგაზრდა ასაკის, ასევე, ოჯახში ხანდაზმული მამისა და მის მიერ ნაკლებად მძიმე დანაშაულის გათვალისწინებით, გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმე დახურა.

გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ჰუსეინოვმა შიმშილობა შეწყვიტა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც 2017 წლიდან დაპატიმრებულია, საპატიმრო ვადის ამოწურვის დროს ახალი ბრალდების წაყენების გამო ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.

ჰუსეინოვის მხარდასაჭერად 7 იანვარს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერებმაც დაიწყეს შიმშილობა, ლოზუნგით ” თავისუფლება მეჰმან ჰუსეინოვს და სხვა პოლიტპატიმრებს”. 15 იანვარს კი რვა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო მეჰმან ჰუსეინოვის სოლიდარობის ნიშნად და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

მეჰმან ჰუსეინოვისა და სხვა დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტვისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით  აზერბაიჯანის ხელისუფლებას ევროპარლამენტმაც მოუწოდა.

თავდაპირველად, ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს მიუსაჯა სასამართლომ 2 წლით პატიმრობა. აპრილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის – “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური რეპორტიორია.

კიდევ ერთი ორგანიზაციის, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ ინსტიტუტის (IRFS-ის) ცნობით, ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ – “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნა”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი