ახალი ამბები

თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება

22 იანვარი, 2019 • 1792
თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თქმით, მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის გაზიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების სრული დაცვით:

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გაზის აფეთქებისა და გაზით მოწამვლის ტრაგიკული შემთხვევების დროს დაღუპულთა გამო და იმედი მაქვს, რომ გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერებას და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

მისი თქმით, უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გაზის კვალიფიციური კომპანიების მიერ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალირ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

თურნავას განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არსებული მარეგულირებელი ბაზის რევიზიაზე, რომელიც შეიცვლება პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლება-მოვალეობების გამოკვეთისა და გამკაცრების მიმართულებით.

ამავე დროს, ნათია თურნავა სთქმით, ინტენსიურად გაგრძელდება მოსახლეობის ინფორმირებულობა ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით.

დღეს თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ფარდაცვლილი ორი ადამიანი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაუმართავმა გამათბობელმა გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ კი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად თბილისში 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი