ახალი ამბები

არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

21 იანვარი, 2019 • 4720
არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ მას არც ხელკეტი და არც ჯაჭვი არ ჰქონია:

“რომ გითხრათ, ჩხუბი იყო, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს.

ზოგი ამბობს, მე ხელკეტო ჩავარტყი, ხოგი ამბობს, ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი ამბობს – დავჭერი. ჯერ თითონ ჩამოყალიბდნენ, ერთი ერთს იძახის, მეორე- მეორეს. მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭერია” – ამბობს გეგეშიძე ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რა ეჭირა ფედერაციის პრეზიდენტს ჩხუბის დროს ხელში, გეგეშიძემ უპასუხა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ის ჩვენებას მისცემს:
“სასაცილოა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვენებასაც მივცემთ, არავის არ ვემალებით”, – უთხრა გეგეშიძემ “ქრონიკას”.

11 იანვარს, სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში 87 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ორთაბრძოლა ხელჩართული ჩხუბის გამო არ დასრულებულა, თუმცა გამარჯვება რობერტ კობლიაშვილს მიენიჭა და ოქროს მედალიც მან მოიპოვა.

დაძაბული შეხვედრის ბოლოს დათუნაშვილმა მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გააპროტესტა. სპორტის სასახლეში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი