ახალი ამბები

ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე მოქალაქეები მერს ღია წერილით მიმართავენ

21 იანვარი, 2019 • 1675
ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე მოქალაქეები მერს ღია წერილით მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავენ.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით წინაარმდეგობრივია და ვაკის პარკში სასტუმრო არ უნდა აშენდეს:

“როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქტივისტური ჯგუფების საჩივარი არ მიიღო წარმოებაში; ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონთან შესაბამისი პროცესით გასცა მშენებლობის ნებართვა.

გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ„ვაკის პარკი არ მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელზეც სადავო აქტების შესაბამისად დადგენილია სასტუმროს მშენებლობა“ და ხაზი გაესვა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მნიშვნელობას ტერიტორიის განვითარებისა და ტურისტების მოსაზიდად. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აქტივისტურ ჯგუფებს არ ადგებათ ზიანი პარკში მშენებლობის განხორციელებით”, – წერია განცხადებაში.

ღია წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო განმარტებას, საფრთხეს უქმნის გარემოსდამცველთა მიერ ხუთწლიანი ბრძოლის შედეგად გადარჩენილ სამართლებრივ სიკეთეს – პარკის ერთიანობას და მნიშვნელოვან პრეცედენტულ საფრთხეს ქმნის ამ ტიპის საქმეებისათვის მომავალში:

“მიუხედავად სასამართლოს წინააღმდეგობრივი მსჯელობისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშენებლობის უფლება ვადაგასულია. სამართალწარმოების მიმდინარეობის პარალელურად, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად დაწყებული წარმოების ფარგლებში, ინვესტორმა ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა და მშენებლობის უფლების ვადის გაგრძელება.

ზონალური შეთანხმება მშენებლობის სანებართვო პროცესის ნაწილია. მშენებლობის ვადა, მათ შორის, მოიცავს ზონალური შეთანხმების პირობებით განსაზღვრული შენობის კონკრეტულ ვადაში აშენების ვალდებულებას. ვინაიდან  სასამართლოს არ აღუდგენია მშენებლობის ნებართვა, მეტიც, მან უარი თქვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ხოლო ინვესტორმა ვერ შეძლო მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ამ ეტაპისათვის ინვესტორს აღარ აქვს უფლება აწარმოოს მშენებლობა, მათ შორის ზონალური შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით” – ვკითხულობთ ღია წერილში, რომლითაც დედაქალაქის მერიას მოქალაქეები მიმართავენ.

მათი თქმით,მშენებლობის განზრახვის კვლავ არსებობისას ინვესტორს მოუწევს ხელახლა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და თავიდან გაიაროს მშენებლობის სანებართვო პროცესით დადგენილი ყველა სტადია.

წერილის ავტორების განცხადებით, თბილისის მერიამ ახალი ნებართვის გაცემის პროცესში უნდა იმსჯელოს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივლისში გაიზარდა ვაკის პარკის საზღვრები და მთელს სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:

“ამას გარდა, ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით პირდაპირ დამკვიდრდა მოქალაქეთა უფლება, ისარგებლონ საჯარო სივრცით. ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის.

საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება ეწინააღმდეგებაკანონსა და საჯარო ინტერესს”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად აუცილებელია, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი:

“ვინაიდან, საჯარო განცხადებების თანახმად, თქვენ ეწინააღმდეგებით პარკში მშენებლობის წარმოებას, აუცილებელია, საზოგადოებასთან ერთად შეჯერდეთ ხელახალი მშენებლობის ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტაციაზე და განსაზღვროთ სადავო ტერიტორიის ქალაქისათვის დაბრუნების სამართლებრივი ფორმა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  ვაკის პარკის მხარდამჭერი საზოგადოება გთხოვთ, თქვენი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც შევათანხმებთ მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივ არგუმენტებს, ასევე ვიმსჯელებთ სადავო ტერიტორიის ქალაქის საკუთრებაში დაბრუნების სამართლებრივ პერსპქეტივებზე”, – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

პარტიზანული მებაღეობა- თბილისში

„მწვანე ალტერნატივა“

„იარე ფეხით“

„ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“

„ჩემი ქალაქი“- ქალაქის გულშემატკივართა და ქალაქზე მზრუნველთა ერთობა

„ტფილისის ჰამქარი“

„ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“

„ურბანული ლაბორატორია“’

ღია საზოგადოების ფონდი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)

ააიპ „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია, თბილისი“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი

ლევან კალანდარიშვილი, არქიტექტორი

თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე

ცირა ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნე

ერეკლე ურუშაძე, სამოქალაქო აქტივისტი

თამარ უგუზაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

ნანა ბიგანიშვილი, ჟურნალისტი

მერაბ კეჩხოშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

სალომე კვარაცხელია, სამოქალაქო აქტივისტი

დიმიტრი მაისურაძე, სამოქალაქო აქტივისტი

სიმონ ბითაძე, სამოქალაქო აქტივისტი,

დანიელ ქართველიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

სანდრო ებრალიძე, სამოქალაქო აქტივისტი

ბექა მეძმარიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

ანდრია გოგიბედაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

შალვა ჩუგუნაძე, სამოქალაქო აქტივისტი

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

მასალების გადაბეჭდვის წესი