ახალი ამბები

ახლა მეტი აქტიურობაა საჭირო – სალაძე მოსამართლეების განცხადებაზე

21 იანვარი, 2019 • 1617
ახლა მეტი აქტიურობაა საჭირო – სალაძე მოსამართლეების განცხადებაზე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე დადებითად აფასებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი ამით არ დასრულებულა. სალაძის თქმით, საჭიროა როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, ისე იუსტიციის საბჭოს წევრთა შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა.

“ჩვენ დაველოდებით, პარლამენტი როგორ წარმართავს პროცესს. ადრეც ვთქვით, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც [მოსამართლეთა შერჩევის] კრიტერიუმები უნდა დაადგინოს, გვექნება ჩვენი შეთავაზებები ამ პროცესთან დაკავშირებით და დღის წესრიგიდან არ ვხსნით იმ საკითხს, რომელიც ეხება საბჭოს შემადგენლობის იმ ნაწილის განახლებას, რომელმაც გასული წლის ბოლოს მხარი დაუჭირა აღნიშნული სიის პარლამენტში ნომინირებას.

მე არ ვთვლი, რომ საზოგადოებამ განსაკუთრებულ გამარჯვებას მიაღწია. პირიქით, ახლა მეტი აქტიურობაა საჭირო. აუცილებელია პარლამენტთან მუშაობა, დღის წესრიგში ისეთი საკითხების დატოვება, რომლებიც მოიცავს საბჭოს შემადგენლობის განახლებას, საბჭოს წევრების შერჩევის წესის ცვლილებას და სხვა, რაც უფრო მეტ გარანტიას შექმნის, რომ უფრო კვალიფიციური კადრები შევიდნენ არამხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ იუსტიციის საბჭოშიც”, – აცხადებს სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, რთულია საბჭოს იმ წევრთა ნდობა, რომელთაც მოსამართლეთა არსებული სიის პარლამენტში ნომინირებას მხარი დაუჭირეს. “საიას” თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ “იცავდა თავგამოდებით” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა სიას, რომლის პარლამენტში განხილვაზეც ახლა ისინი უარს ამბობენ.

სალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჩინჩალაძესა და სხვებს, აღნიშნული განცხადებით, მკაფიოდ არ უთქვამთ, რომ კანდიდატობა არ სურთ:

“ამ განცხადებაში საუბარია, რომ არ განიხილოს პარლამენტმა ეს სია, მაგრამ მე მკაფიოდ ვერ დავინახე, რომ ისინი უარს ამბობენ კანდიდატობაზე. შეიძლება, ისინი გარკვეული დროის მოგების, ტემპერატურის დაწევის მიზნითაც მოქმედებენ, რომ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი რაიმე ფორმით განეიტრალდეს”.

სულხან სალაძე ასევე ეხმაურება მოსამართლეთა განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ არ სურთ, ” გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის”.

“…ეს არის აბსოლუტურად უადგილო, ყოველ შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში. ნამდვილად შემიძლია, რომ ეს ვთქვა. არ ვიცი, პოლიტიკურ ჯგუფებს რა ინტერესი ამოძრავებს ამ პროცესში, თუმცა, რეალურად, ჩვენ გვჭირდება ისეთი ნომინირების წესი, კრიტერიუმები, რაც გამორიცხავს საზოგადოების მაღალი ნდობისა და კონსენსუსის გარეშე კანდიდატის მოხვედრას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე”, – აცხადებს ის.

ჩინჩალაძე და მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი