ახალი ამბები

საია სასამართლოს საიხან მუზაევის საქმის დროულად განხილვას მოუწოდებს

15 ივლისი, 2014 • • 2340
საია სასამართლოს საიხან მუზაევის საქმის დროულად განხილვას მოუწოდებს

საიხან მუზაევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებდა. ამისთვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, თუმცა 2014 წლის 13 იანვარს შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს. საია ამტკიცებს, რომ მას ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მუზაევი ქვეყნის დატოვებას თორმეტჯერ შეეცადა, თუმცა არ გაუშვეს. 

საიხან მუზაევი და კახა კოჟორიძე
საიხან მუზაევი და კახა კოჟორიძე

“ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ამ საქმეზე სარჩელით მივმართეთ სასამართლოს, თუმცა აქაც პრობლემებს წავაწყდით. სასამართლოს აკლია გამბედაობა, რომ ამ საქმეზე დროულად მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება. პრობლემა მდგომარეობს შემდგომში, რომ სამინისტროს წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზის გამო პროცესზე გამოცხადებაზე უარს ამბობდნენ, ან საქმის გადადებას ითხოვდნენ. ერთ–ერთ შემთხვევაში გადადება ითხოვეს იმის გამო, რომ თითქოს სამინისტროს წარმომადგენელი იყო ავად, თუმცა ამ შუამდგომლობას არ ერთვოდა დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტი, თუმცა სასამართლომ მაინც გადადო საქმე,”– ამბობს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

 

მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემას და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. აქედან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და არ გამორიცხავს მის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას.

 

“დაკითხული არის ლაფანყურის საქმეზე, მისი ჩვენება არის საქმეში და ცოტა უცნაურია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არაფერი იცის, ან მაქსიმუმ, რაც იცოდა, ის ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შემდეგ საიდან აქვს ინფორმაცია შს სამინისტროს, რომ მუზაევმა შეიძლება იცოდეს და არ აწვდიდეს ინფორმაციას, ცოტა უცნაურია. ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაში კანონმდებლობის განუხრელი დაცვით უნდა მოხდეს იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რაც დააზღვევს ჩვენების მიღებას. საზღვრის გადაკვეთაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელ ხელშეშლას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,”– განმარტავს კოჟორიძე. 

 

„ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელი, ალექსი შოშიკელაშვილი ამბობს, რომ საქმე პროკურატურას უნდა გამოეძიებინა, თუმცა მან ის შს სამინისტროს უკან დაუბრუნა:

 

“საუბარია იმაზე, რომ მუზაევს ხელი უნდა დაედო ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებისათვის, კონკრეტული სახელებისა და გვარებისთვის უნდა დაედო ხელი და ეთქვა, თითქოს მათ გაუკეთეს ორგანიზება ლაფანყურის ოპერაციის მომზადებას. კონკრეტულად საუბარი იყო მაშინდელი შს მინისტრის მოადგილეზე ვინმე ლორთქიფანიძეზე, ასევე მაშინდელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელზე სანდრო ამირიძეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც შს სამინისტროს მხრიდან ჩადენილი დანაშაული, რომელიც პროკურატურის გამოსაძიებელი არის, კვლავ გადაგზავნილია შს სამინისტროში, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ვფიქრობთ, რომ შს სამინისტრო თავისი თანამშრომლების მიმართ ობიექტურად არ აწარმოებს გამოძიებას, რასაც ისევ მუზაევის უფლებების დარღვევასთან მივყავართ.” 

ალექსი შოშიკელაშვილი
ალექსი შოშიკელაშვილი

 

საიხან მუზაევი განმარტავს, რომ მას თავდაპირველად კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობა შესთავაზეს, ხოლო როდესაც არ დაეთანხმა, მისი თქმით, ცხოვრების კოშმარად გადაქცევით დაემუქრნენ:

 

“საქართველოში არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს ამ საქმეზე. პროკურატურა, გენერალური ინსპექცია, შს სამინისტრო – ნახევარი წელია არც ერთი რეაგირებს. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩაერიოს საქმეში, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს. მე რუსეთიდან გამოვიქეცი, რადგან იქ ცხოვრება არ მსურდა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რუსეთი ჩემთან საქართველოში მოვიდა. თუ ჩვენ მსოლიოს ვაჩვენებთ, რომ დემოკრატიული მიმართულებით ვვითარდებით, მაშინ ამ უწყებებმა იმუშაონ და საქმე გამოიძიონ. მე არანაირი კავშირი არ მაქვს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან, გარდა იმისა, რომ ეთნიკური ჩეჩენი ვარ. მე არ ვიცი ვინ არის ლორთქიფანიძე, ჩემგან კი მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ.”

 

მისივე თქმით, 4 თვის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარეს  ეკა ბესელიასაც მიმართა, თუმცა მასაც არაფერი გაუკეთებია:

 

“შემდეგ ირმა ნადირაშვილს დავუკავშირდი, ის ნაცნობის მეშვეობით გავიცანი და საქმის გახმაურება ვთხოვე. შემდეგ ხმები მომვიდა – “ნაციონალებს” რომ არ დავკავშირებოდი, შენი პრობლემა მოგვარდებოდაო. მე “ოცნებასთან” და “ნაციონალებთან” არანაირი ურთიერთობა მაქვს, ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ახლა კი ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ქვეყნიდან ვერ გავდივარ.”

 

მუზაევი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოფილი თარჯიმანია, ამჟამად ვერსად მუშაობს. მას ბრიტანეთში ენის კურსი უნდა გაევლო. მუზაევი ამბობს, რომ მან არ იცის, როგორ გამოკვებოს ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი:

 

“არავინ განმიმარტავს, რატომ არ ამიყვანეს, რატომ არ გამიგრძელეს კონტრაქტი. სჯობდა დევნილი ვყოფილიყავი და  საქართველოში არ ჩამოვსულიყავი, უკეთესი იქნებოდა. სამინისტროში თარჯიმნად ვმუშაობდი და მინდოდა ინგლისური მესწავლა, რათა ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა საქართველოში.”


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. უკანასკნელ ხანებში საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან ხშირად გაისმის უკმაყოფილება ხელისუფლების მიერ მათი გადაადგილების თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით. 

ამ საკითხით EMC უკვე რამდენიმე თვეა დაინტერესდა და ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ დუისში ადგილობრივ მუსლიმებთანაც იმყოფებოდნენ. მათთან საუბრისას ირკვევა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, ზღუდავენ მოსახლეობის უფლებას, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. 

 

საიხან მუზაევი
საიხან მუზაევი

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტის ხეობაში  შს სამინისტრომ სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. უწყების მაშინდელი ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან ხუთი ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. მათი მტკიცებით, შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, ხოლო 11 დივერსანტების ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და გია ლორთქიფანიძე თავის ძმასთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც მაშინ კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, აქტიურად იყვნენ ჩართული ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი