ახალი ამბები

ენერგო პრო ჯორჯიას გენდირექტორი: ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

15 ივლისი, 2014 • • 1843
ენერგო პრო ჯორჯიას გენდირექტორი: ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

ტარიფების ახალი მეთოდოლოგია საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა და 1 სექტემბრიდან “ენერგო პრო ჯორჯიასთან” მიმართებაში ამოქმედდება. 

“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლაი ნიკოლოვი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ მეთოდოლოგიაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მისი კომპანია სემეკთან ერთად:

 

“ყველა მონაცემი, რაც ჭირდებოდა კომისიას ტარიფის დასადგენად, უკვე მივაწოდეთ. მე არ მაქვს შენიშნვა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მჯერა, რომ კომისია კარგად დაინახავს კომპანიის საჭირობებს და ინვესტიციებს. თუ იქნება საჭირო ინვესტიცია, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია ქსელის მდგომარეობაზე. თუ უნდა კომისიას და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს.

 

2015 წლისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სამწლიანი გეგმა ინვესტიციებზე, ჩავაბარეთ კომისიას და ეს უკვე არის განხილვის თემა. “ენერგო პრო ჯორჯია” ერთ წელიწადში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, 3 წელიწადში ინვესტიციის მოცულობა 300 მლნ იქნება.

 

დღეს ვერ ვიტყვი ცალსახად, ტარიფი რამდენით გაიზრდება, რადგნ იქ ბევრი კომპონენტია, ამ ინვესტიციების ფარგლებში ტარიფი ან ერთი თეთრით ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნიკოლაი ნიკოლოვმა.

ნიკოლაი ნიკოლოვი და კახა კალაძე
ნიკოლაი ნიკოლოვი და კახა კალაძე

 

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შედეგად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ დენის ტარიფი 3-3 თეთრით გააიფა და შედეგად, “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის დღეს ასეთი ტარიფი მოქმედებს:

 

აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი. ეს ტარიფი ძალაში იყო 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით, თუმცა მთავრობამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე საიდუმლოა, 2 წლის ვადით გაახანგრძლივა და იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 100 კვტსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით გაიაფდა:

 

“ჩვენ მივაღწიეთ, რომ გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, ოთხი წლით “თელასთან” და ორი წლის ვადით “ენერგო პროსთან… ორი წლის მერე ისევ შესაძლებელია მოხდეს ტარიფების გადახედვა და იგივეს გავაკეთებთ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2013 წლის 29 მარტს.

 

სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების დადგენის ახალ მეთოდოლიგიაში მნიშვნელოვანია ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტარიფის დაანგარიშება. ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით, 2014 წელს “ენერგო პრო ჯორჯიამ” 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაიხარჯა ქსელის რეაბიოლიტაციაზე, “თუმცა, როგორც დავინახეთ, საკმარისი არ იყო”, – განაცხადა ნიკოლოვმა.


ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი