ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა არ მოხდება

15 ივლისი, 2014 • • 1342
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა არ მოხდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, შემუშავებულია ახალი მეთოდოლოგია, რომელიც დაბალანსებულია და იცავს მომხმარებლის ინტერესებს:

 

“ახალი ტარიფის გაანგარიშების შემდეგ მომხმარებელი დაცული იქნება გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისაგან. ასევე, გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ მის მიერ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება. ტარიფის დათვლის ამ მეთოდოლიგიაში შემოდის სამართლიანობის ხარისხი,” – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

 

სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ წარმოადგინა ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტისათვის ტარიფების დადგენას და კომისიის მიერ განსაზღვრული რეგულირების პერიოდში ტარიფების ყოველწლიურ კორექტირებას. სანიკიძის თქმით, ახალ მეთოდოლიგიაში მნიშვნელოვანია ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტარიფის დაანგარიშება. მისივე თქმით, კომისია მკაცრად გააკონტროლებს ინვესტიციების კომპონენტს და კომპანიები ვერ მოახერხებენ ხელუვნური და დაუსაბუთებელი ანგარიშგების წარმოდგენას.


პირველი კომპანია, რომელსაც ახალი მეთოდოლიგიით დადგენილი ტარიფები დაუწესდება, იქნება ენერგო პრო ჯორჯია, რომლისთვის ახალი ტარიფი 1 სექტემბერიდან ამოქმედდება.


გაზიარდება თუ არა არსებული ტარიფი ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის, ეს ჯერ უცნობია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, “ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა ბევრი წელია. შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა, რეგულარულად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართო მასშტაბით გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ ვიტყვი შედეგს, რადგან აქ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ შემიძლია ვქთვა ერთი: თუ ინვესტიცია იდება, ამან უნდა მოიტანოს შედეგი, ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი. მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინა მონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიან ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი