ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ დასტურდება, რომ ელ-სალვადორი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობებს განიხილავს – საგარეო

21 იანვარი, 2019 • 2910
არ დასტურდება, რომ ელ-სალვადორი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობებს განიხილავს – საგარეო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკაში, ზურაბ ერისთავი, ელ-სალვადორის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ოსურ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, ელ-სალვადორის პრეზიდენტი, სალვადორ სანჩეს სერენი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, სალვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეხვედრა არაფორმალური იყო და ეს არ ნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარებას.

“…ის [ელჩი]  შეხვდა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ აღნიშნულ ინციდენტზე(შეხვედრაზე) ყოფილიყო მსჯელობა. შეხვედრა გაიმართა ელ-სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მინისტრთან საუბრისას განხილულ იქნა აღნიშნული ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვენესუელაში, ე.წ. საინაუგურაციო ვიზიტის დროს. შესაბამისი განმარტებები გაკეთდა სალვადორის მხრიდან: მინისტრმა თქვა, რომ ეს შეხვედრა იყო არაფორმალური ხასიათის და არანაირი განცხადება ან დადასტურება იმისა, რომ ისინი განიხილავენ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას, ადგილი არ ჰქონია”, – აღნიშნა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მედიასთან საუბრისას.

ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელ-სალვადორისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერები ერთმანეთს ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე შეხვდნენ, რომლის მეორე ვადით არჩევასაც არ აღიარებენ რიგი სახელმწიფოები, მათ შორის, “ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციისა” და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. გამოცემა Osinform ელ-სალვადორის პრეზიდენტის ციტატას იშველიებს, რომლის თანახმადაც, სანჩეს სერენი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი