ახალი ამბები

ამერიკული მარეგულირებელი ფეისბუკის რეკორდული თანხით დაჯარიმებას განიხილავს – WP

20 იანვარი, 2019 • 2151
ამერიკული მარეგულირებელი ფეისბუკის რეკორდული თანხით დაჯარიმებას განიხილავს –  WP

ამერიკული მარეგულირებელი ორგანო ფეისბუკის დაჯარიმებას რეკორდული ოდენობის თანხით გეგმავს. ამის მიზეზია კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შესახებ შეთანხმების დარღვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალება The Washington Post ავრცელებს საქმის შესახებ ინფორმირებულ სამ სხვადასხვა პირზე დაყრდნობით, რომლებსაც საკითხზე საჯაროდ საუბრის უფლებამოსილება არ აქვთ.

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ფეისბუკის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის მარტში, “კემბრიჯ ანალიტიკას” სკანდალის შემდეგ დაიწყო. ამ დროს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკის მომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა.  თუმცა, კოგანმა ეს მონაცემები გადასცა “კემბრიჯ ანალიტიკას” (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

2015-16 წლებში “კემბრიჯ ანალიტიკა” დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა. “კემბრიჯ ანალიტიკასთვის”, ჯამში, 87 მილიონი ადამიანის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი.

როგორც The Washington Post წერს, ფეისბუკს დააჯარიმებენ რეკორდული თანხით და ის ბევრად გადააჭარბებს გასულ წელს გუგლისთვის ჯარიმის სახით დაკისრებულ 22.5 მილიონ დოლარს.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არღვევს ფეისბუკის ბიზნეს პრაქტიკა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, ფეისბუკი ვალდებულია, რომ მომხმარებელს აცნობოს და ასევე, ითხოვოს მათგან ნებართვა მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ.

როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი