ჰომოფობიურ ნიადაგზე 2 ადამიანის ცემის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ ბარ “საქსესში” ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით,  თბილისში მდებარე ბარ “საქსესში” ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის 2 თანამშრომელს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს დაეკისრება ჯარიმა, ან ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.