ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანიდან დივერსიის გამო ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა

14 ივლისი, 2014 • • 1409
აზერბაიჯანიდან დივერსიის გამო ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა

სომხეთის ზოგიერთი სასაზღვრო სოფლისგან განსხვავებით, რომლებიც პერიოდულად ექცევიან ხოლმე აზერბაიჯანიდან გახსნილი ცეცხლის ქვეშ, ყარაბაღში მსგავსი საფრთხე არ იგრძნობოდა, რადგან მისი სოფლები საკმაოდ შორსაა იმ კონფლიქტის უშალო ხაზიდან, სადაც მოწინააღმდეგე მხარე სროლებს ახორციელებს. ეს აქ მცხოვრებლებს უსაფრთხოების იმედს აძლევდა, მაგრამ იმან, რაც ბოლო დღეებში მოხდა, აჩვენა, რომ ეს სიმშვიდე მოჩვენებითია.

გასული კვირის ბოლოს, უფრო ზუსტად კი 10 ივლისს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანისა და ყარაბაღის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე (ქარვაჩარის/ქელბაჯარის მიმართულებით) მოწინააღმდეგეს ჰქონდა მორიგი მცდელობა დივერსიულ-სადაზვერვო შემოჭრისა. არმიის მოწინავე ნაწილების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფება დროულად იქნა აღმოჩენილი: ჯგუფის ნაწილი დააკავეს, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. ოპერაციის შედეგად სომხურ მხარეს დანაკარგი არ განუცდია.

ერთი შეხედვით მოწინააღმდეგემ განახორციელა მორიგი, ჩვეული დივერსია, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა.

იმავე დღეს აზერბაიჯანის ოფიციალურმა მედიამ უარყო ეს ინფორმაცია, რომლის საპასუხოდ ყარაბაღის მხარემ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, თუ რა მიზნები ჰქონდა სინამდვილეში დივერსიულ დაჯგუფებას და კონკრეტულად მის ერთ-ერთ წევრს – შაჰბაზ გულიევ ჯალალ-ოღლუს (დაბადებული 1968 წელს, რომელიც ჩაწერილია მირბაშირის რაიონის სოფელ კაპანლუში). მოგვიანებით დაკავებულის ძმამ – ილჰამ გულიევმა აზერბაიჯანის მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი ძმა ადრეც სტუმრობდა ქარვაჩარს/ქელბაჯარს, სადაც ვიდეოგადაღებას აწარმოებდა. ილჰამის თქმით, მისი ძმა სამხედრო მოსამსახურე არ არის: “ჩვენ ბევრჯერ ვთხოვეთ მას, რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო, მაგრამ არ მოგვისმინა. ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ,” – განაცხადა ილჰამ გულიევმა: “18 ივლისის შემდეგ ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც წესი, ის ყარაბაღში მარტო არ დადის,” – თქვა მან.

შაჰბაზ გულიევ ჯალალ-ოღლუ
შაჰბაზ გულიევ ჯალალ-ოღლუ

 

12 ივლისს გავრცელდა შეტყობინება დივერსიული ჯგუფის სხვა წევრის გაუვნებელყოფის თაობაზე. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილი იქნენ ჯგუფის სხვა წევრები, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობა გაწია და იგი მოკლული იქნა. დივერსანტისგან ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა სომეხი ოფიცერი.

როგორც გაირკვა, ოფიცერი სარგის აბრაამიანი ავტომანქანა “ნივით” გადაადგილდებოდა. მას მეგობრის ცოლი მიყავდა ვარდენისიდან (სომხეთის რესპუბლიკა) ქარვაჩარში ქმრის მოსანახულებლად, როდესაც გზად თავს დაესხა დივერსანტი, დახვრიტა ოფიცერი და თვალი ამოთხარა 37 წლის კარინე დავთიანს. კარინე ვერტმფრენით გადაიყვანეს ერევანში, სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სარგის აბრაამიანი გეგარკუნის ოლქის სოფელ წოვინარის მკვიდრი იყო, 20 წელი მსახურობდა ჯარში და შემოდგომაზე უნდა გასულიყო პენსიაზე. ერთი წლის წინ სარგისი ცოლთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქარვაჩარში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დივერსანტი, რომელმაც ოფიცერი მოკლა, თავადაც განეიტრალებული იქნა.

დივერსანტების ჯგუფს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ იმავე დღეს ქარვაჩართან ახლოს საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა 17 წლის სუმბათ ცაკანიანი, რომელიც ცხოვრობდა სოფელ ნორ ერკეჯში. სოფლის თემის ხელმძღვანელმა არა ოვანისიანმა ერთ-ერთ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ახალგაზრდა გაუჩინარდა არა სოფლიდან, არამედ მთაში, სახლიდან, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნოდა. ცაკანიანები მეცხოველეობას მისდევენ და წლის მანძილზე უმეტეს დროს ამ სახლში ატარებენ, მთაში.

ახალგაზრდის გაუჩინარებას ოფიციალურად დივერსიას არ უკავშირებენ, თუმცა მამამისი ვარაუდობს, რომ ბიჭი სწორედ ამ ჯგუფმა გაიტაცა. მისი თქმით, 4 ივლისს, საღამოს მათ სუმბათი სახლში დატოვეს, დილით კი იქ მათ აღარ დახვდა:

“ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც აქ დივერსიული დაჯგუფება მოქმედებდა. ისინი შემოვიდნენ ჩვენს სახლში, იქ რაღაცები დაკარგულია, წაიღეს საჭმელი. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი დივერსანტებმა წაიყვანეს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, როდესაც ჩემი შვილი მარტო დავტოვეთ სახლში”, – განაცხადა მეხაკ ცაკანიანმა. ახალგაზრდის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

14 ივლისს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 13:00 საათზე ქარვაჩარში დასრულდა განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების სპეცოპერაცია აზერბაიჯანული დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფების გაუვნებელყოფის შესახებ. შედეგად ჯგუფის ყველა წევრი დაკავებული ან მოკლულია.


დივერსიულმა გამოხდომებმა და სროლებმა მოწინააღმდეგეების სნაიპერების მხრიდან, რომლის შედეგადაც იხოცებიან ან ზიანდებიან ყარაბაღელი სამხედროები, პერიოდული სახე მიიღო. თუმცა ეს ბოლო დივერსია იმით იყო განსახვავებული, რომ დაზარალებულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ შორის – ერთი ქალი.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი