ახალი ამბები

აუდიტი “ევროპული საქართველოს” 103 474 ლარით, ხოლო ენმ-ის 13 440 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

18 იანვარი, 2019 • 1526
აუდიტი “ევროპული საქართველოს” 103 474 ლარით, ხოლო ენმ-ის 13 440 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიშის მიხედვით, უწყება უკანონო შემოწირულობებისთვის ოპოზიციური პარტიების, “ევროპული საქართველოსა” და ენმ-ის დაჯარიმებას სასამართლოში ითხოვს.

აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გადააგზავნა, რომელთაგან 9 საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ დამდგარა. გარდა სალომე ზურაბიშვილისა და “ქართული ოცნებისა” , 9 განსახილველ საქმეში “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემოწირულობებიც შევიდა.

აუდიტი “ევროპულ საქართველოს” “მოძრაობა თავისუფალი საქართველოს” მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენებას ედავება, რისთვისაც გაწეულმა ხარჯმა 51 737 ლარი შეადგინა. სახელმწიფო უწყება “ევროპული საქართველოს” 103 474 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

“ევროპული საქართველო” აუდიტის ანგარიშში შესულ კიდევ ერთი საქმეში ფიგურირებს. დოკუმენტის მიხედვით, უწყება მოქალაქე ნათია მილდიანის 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. ამასთანავე, აუდიტი ამბობს, რომ ამ პირის მიერ შეწირული თანხა “ევროპულმა საქართველომ” ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.

აუდიტის ანგარიშში “ნაციონალური მოძრაობაც” მოხვდა. “ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის” მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენების გამო აუდიტმა ოქმი ენმ-ის წინააღმდეგ შეადგინა და, შესაბამისად, პარტიის დაჯარიმება 13 440 ლარით მოითხოვა.

გარდა ამისა, აუდიტი შპს “ავტოჰაუსი – რუსთავი 2011”-ის დაჯარიმებას 60 000 ლარით ითხოვს, რომელმაც ენმ-ს 30 000 ლარი შესწირა. სახელმწიფო აუდიტი ითხოვს, რომ პარტიამ შეწირული თანხა ბიუჯეტში გადარიცხოს.

9 განსახილველ საქმეში მოხვდა ასევე “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც აუდიტს ჯამური დეკლარაცია არ წარუდგინა და, შესაბამისად, უწყება სასამართლოს პარტიის 2 000 ლარით დაჯარიმებას სთხოვს.

ენმ-სთვის უკანონო შემოწირულობის გაწევისთვის სასამართლომ უკვე დააჯარიმა ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 ლარი შესწირა. ცუცქირიძე სასამართლომ 20 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო პარტიას თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა დაევალა.

აუდიტის სამსახურის ანგარიში სრულად ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი