ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება – ფინანსთა მინისტრი TBC – ზე

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, თიბისი ბანკი მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას, მინისტრი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას ბანკის ერთ-ერთ აქციონერთან კითხვები ჰქონდა.

“თიბისი ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რეპუტაციის მქონე, ამას ადასტურებს მისი რამდენიმეწლიანი ისტორია. ამის დასტურია ისიც, რომ ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ამ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე როგორც ვიცი, პროკურატურას ჰქონდა მის ერთ აქციონერთან შეკითხვები. პროკურატურის მხრიდან საკმაოდ ინფორმაციული განცხადება გაკეთდა. ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კუთხით არანაირი კითხვები არ ჰქონია,”-აცხადებს მაჭავარიანი.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ამბებს “თიბისი ბანკში” მიმდინარე გამნოძიებაზე გაეცანით აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.