ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებას სთავაზობს

18 იანვარი, 2019 • 2063
თბილისი აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებას სთავაზობს

საქართველოს ხელისუფლება 2019 წლის პირველი თებერვლიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს.

შესაბამისი დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება მუშაობდა, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ, დარწმუნდებიან, რომ პროცესი ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომია. ამასთანავე, ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ყველა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რაც ჩვენ გვაქვს – კონკრეტულად ეს ეხება ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 18 იანვარს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობა აღნიშნულ ტერიტორიებზე ლეგალურად მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

“მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სამართლებრივი პროცედურების აქამდე არსებული პრაქტიკა შედარებით მარტივდება, მარტივდება პირის იდენტობის დადგენა, მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მათ აქვთ ხელთ. პროცედურასთან ერთად მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა ვადები. ერთი თვის ფარგლებში მოხდება, გათვალისწინებულია დაჩქარებული ვადებიც. ამასთან, ეს არის უფასო პროცედურა”.

ოფიციალური ინფორმაციით, განაცხადის გასაკეთებლად სამი გზა არსებობს: ჩამოვიდნენ და გააკეთონ განაცხადი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გააკეთონ განაცხადი საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ან, თუკი მოქალაქის მონაცემები უკვე არსებობს საქართველო ონლაინ ბაზაში, პირადად გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი