ახალი ამბებიეკონომიკა

მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაცია, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები – ბახტაძე “თიბისიზე”

18 იანვარი, 2019 • 1582
მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაცია, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები – ბახტაძე “თიბისიზე”

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ “თიბისი ბანკის” აქციონერის მიმართ გაჩენილი კითხვები პრობლემას არ შეუქმნის ფინანსურ ინსტიტუტსა და ამ სფეროს მდგრადობას. ამის შესახებ ბახტაძემ დღეს, 18 იანვარს გამართულ ბრიგინგზე ისაუბრა.

“ჩემი და ჩემი გუნდის მოსაზრებაა, რომ როცა ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით კი ფინანსური ინსტიტუტები, წარმოდგენილი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი რეგიონში განსაკუთრებით მდგრადია. მე ნამდვილად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ რამე კითხვა გაჩნდა რომელიმე აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის შესუსტებას”, – თქვა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, “თიბისი”, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი ბანკი და მათი ერთობლიობა, უდრის საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და ის ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ შესაძლოა ფინანსურ ინსტიტუტებზე მოახდინოს გავლენა.

“სამწუხაროდ, მე აქ უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, მით უმეტეს, როგორც ვხვდები, ეს არ ეხება ფინანსურ ორგანიზაციას და ის ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც არ მიმაჩნია პრობლემად”, – მიიჩნევს ბახტაძე.


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ამბებს “თიბისი ბანკში” მიმდინარე გამნოძიებაზე გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი