ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირანისა და სომხეთის თანამშრომლობაზე დასავლეთი თვალს ხუჭავს

14 ივლისი, 2014 • • 1745
ირანისა და სომხეთის თანამშრომლობაზე დასავლეთი თვალს ხუჭავს

ანკარისა და ბაქოს მხრიდან ბლოკადას (ნავთობსადენი “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” და გაზსადენი “ბაქო-თბილისი-ერზრუმი” სომხეთის გვერდის ავლით გაკეთდა, ანალოგიურად შენდება სარკინიგზო მაგისტრალი – “ყარსი-თბილისი-ბაქო”) თეირან-ერევნის ტანდემი საკუთარი “საუკუნის პროექტებით” პასუხობს. რა თქმა უნდა, რთულია მათი შედარება ზემოთ აღნიშულ მასშტაბურ დამაკავშირებელ პროექტებთან, რომლებმაც გვერდი აუქციეს სომხეთს, თუმცა მათ გარეშე ერევანს გარე სამყაროს დასაკავშირებლად მხოლოდ ერთი გზა დარჩებოდა, რომელიც საქართველოზე გადის და რომელსაც, თავის მხრივ, გადაუჭრელი პრობლემები აქვს რუსეთთან.

სომხეთის და ირანის პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და ჰასან როჰანი, ფოტო: lragir.am
სომხეთის და ირანის პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და ჰასან როჰანი, ფოტო: lragir.am

 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი ირანის მიმართ ბირთვული პროგრამის გამო სანქციებს ატარებს, თეირანს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ არ გაეხადა უფრო მჭიდრო მისი ურთიერთობა მეზობელ სომხეთთან. სომხეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის ასეთ ზომებზე დასავლეთი თვალს ხუჭავს, რადგან კარგად ესმის, რომ იმ პირობებში, როდესაც ოთხი მეზობლიდან ორი – თურქეთი და აზერბაიჯანი ბლოკადაში აქცევს სომხეთს, ქვეყანა უბრალოდ ვერ გადარჩება. ირანმა და სომხეთმა ამით ისარგებლეს.

 

მაინც რა ერთობლივ პროექტებზეა საუბარი? – უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს უკვე მოქმედი გაზსადენი “ირანი-სომხეთი”, რომლითაც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სომხეთს შეუძლია ირანული გაზის მიღება. ჯერჯერობით რუსეთიდან გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით უწყვეტად შემოდის და ირანული გაზის საჭიროება არ არის, თუმცა სომეხი ენერგეტიკოსები ირანიდან შემოსულ გაზს დღეს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ, რომელსაც უკან უბრუნებენ ირანს.

ამ მარშრტუტზე აშენდა გაზსადენი
ამ მარშრტუტზე აშენდა გაზსადენი

 

აშენებულია ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება მესამე ხაზის მშენებლობა. ირანი და სომხეთი დაკავშირებულია ერთმანეთთან ფართო და თანამედროვე საავტომობილო გზითაც, რომლითაც უპრობლემოდ გადაადგილდება სატვირთო ავტომანქანები.

 

ამას გარდა, სომხეთმა და ირანმა დაიწყეს ერთდროულად ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სასაზღვრო მდინარე არაქსზე – ერთი შენდება ირანის მხარეს, ხოლო მეორე – სომხეთის ქალაქ მეგრში. ჰესების მშენებლობა ხუთ წელს გასტანს და თითქმის 325 მილიონი დოლარი დაჯდება. ამასთან, სომხეთს არ მოუწევს ამ ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობაში სახსრების ჩადება: ყველა ხარჯს ერთ-ერთი ირანული საინვესტიციო კომპანია დაფარავს. თუმცა სომხეთი ვალდებული იქნება 15 წლის განმავლობაში დაუბრუნოს ირანელებს გაწეული ხარჯები ელექტროენერგიის სახით, რომელსაც ახალი ჰესი გამოიმუშავებს. 15 წლის შემდეგ კი ელექტროსადგური სომხეთის მხარეს გადაეცემა.

რატომ გადაწყვიტა ირანმა ასეთი მასშტაბური პროექტის დაფინანსება? – ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსი, აშოტ არამიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც უკავშირდება სომხეთს, განიცდის სერიოზულ ენერგოდეფიციტს. მისივე თქმით, სწორედ ამით აიხსნება ასეთი მაღალი დაინტერესება ირანის მხრიდან ამ პროექტის რეალიზიციის კუთხით. “ამასთან, წყლის ენერგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირწყალბადის გამოყენების საჭიროებას,” – ამატებს ექსპერტი.

 

არამიანი ამბობს, რომ უკვე სამი წელია ირანი აწვდის სომხეთს გაზს იმ ელექტროენერგიის სანაცვლოდ, რომელსაც ერევნის თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს. ერთი კუბური მეტრი გაზისთვის ერევანი სამხრეთელ მეზობელს 3 კვტსთ ელექტროენერგიას აწვდის. რაც შეეხება სომხეთის ინტერესებს – ქვეყანას, რომელსაც არა აქვს ნახშირწყალბადის რესურსები, 15 წლის შემდეგ საკუთრებაში ექნება ახალი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, – მიიჩნევს ექსპერტი.

 

მეგრის ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 130 მეგავატი იქნება და გამოიმუშავებს დაახლოებით 800 მილიონ კვტსთ ელექტროენერგიას წელიწადში. ამდენივეს გამოიმუშავებს ჰესი ირანის მხარეს. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროგნოზით, ახალი ჰესი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 10-12 პროცენტს უზრუნველყოფს.

 

ინსტიტუტ “კავკასიის” დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი, ასევე, მიიჩნევს, რომ ირანი, “უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს”. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან დაწესებული სანქციების პირობებში, ირანი იძულებულია მოიძიოს პარტნიორები თანამშრომლობისთვის, თანაც მრავალფეროვან სფეროებში: ამის გამო ის მზადაა “დახარჯოს ფული” – ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის გავლითაც მიეწოდება ირანს სომხეთიდან ელექტროენერგია, სწორედ ირანული ფულითაა აშენებული.

 

რაც შეეხება რეგიონში ირანის გავლენის გაფართოებას, ეს, სერგეი მინასიანის აზრით, მხოლოდ სომხეთზე ვრცელდება, რამდენადაც თეირანთან თანამშრომლობის გამო არც აშშ და არც ევროკავშირი ერევანზე ზეწოლას არ ახდენენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სომხეთს არა აქვს ნახშირწყალბადის დიდი რესურსები, აღმოჩნდა სატრანსპორტო და ენერგობლოკადაში – მთიანი ყარაბაღის დაურეგულირებელი კონფლიქტის გამო.

 

ამავდროულად, როგორც ჩანს, სომხეთი და ირანი არ აპირებენ უკვე მიღწეულით დაკმაყოფილებას. მხარეები გეგმავენ კიდევ ორი მსხვილი ერთობლივი პროექტის განხორციელებას: სარკინიგზო გზის მშენებლობას, რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს და ნავთობპროდუქტების გამტარი სადენის მშენებლობას.


სარკინიგზო ხაზი “ჩრდილო-სამხრეთი” სომხეთს საშუალებას მისცემს ალტერნატიული გასასვლელი მოიპოვოს გარესამყაროსთან დასაკავშირებლად. პროექტი რეგიონული მნიშვნელობის იქნება, თუკი რეგიონში შექმნილი სიტუაცია საშუალებას მისცემს საქართველოს, გახსნას აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი. მაშინ საქართველოს და რუსეთის შავი ზღვის პორტები სპარსეთის ყურის პორტებთან სარკინიგზო ხაზით იქნება დაკავშირებული.

 

ყველაზე მწირი გათვლებით, ამ პროექტის რეალიზაციისთვის 1.5-დან 2.5 მილიარდ დოლარამდე თანხა იქნება საჭირო. იმის მიუხედავად, რომ ამ პროექტის ინვესტირებისთვის განხილვები დღემდე გრძელდება, სომხეთში სჯერათ, რომ სარკინიგზო ხაზი ირანში მაინც აშენდება. ჯერჯერობით ამ პროექტისადმი დაინტერესება გამოხატა მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა, ასევე, ჩინეთმა და თავად ირანმა. მართალია, ბოლო დროს უფრო მეტს საუბრობენ ახალი სარკინიგზო ხაზის უსაფუძვლობაზე, მაგრამ სომხეთისა და ირანის გეგმებიდან ეს პროექტი ამოშლილი არ არის.

გაზსადენი ირანი-სომხეთი 2007 წელს ირანის და სომხეთის პრეზიდენტებმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ და რობერტ ქოჩარიანმა გახსნეს
გაზსადენი ირანი-სომხეთი 2007 წელს ირანის და სომხეთის პრეზიდენტებმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ და რობერტ ქოჩარიანმა გახსნეს

 

იგივე ეხება ნავთობპროდუქტების სადენის ირანი-სომხეთის მშენებლობას, რომლის დაწყებაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა. ექსპერტების აზრით, პრობლემა ის არის, რომ რეგიონი ვითარდება, რაც დაკავშირებულია ბევრი მოთამაშის ინტერესებთან, მეტწილად კი თურქეთისა და რუსეთის ინტერესებთან. შესაბამისად, ამ კუთხით სომხეთის ინეტერესი ყველაზე ბოლოს თუ იქნება გათვალისწინებული, თუმცა ერევანში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მზა ნავთობპროდუქტების – ბენზინის და დიზელის საწვავის ტრანსპორტირებას  არა მხოლოდ ირანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან, არამედ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდან. ამასთან, შესაბამისი ტერმინალების მშენებლობა სომხეთის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო.

როგორც არ უნდა იყოს, კონტაქტები მხარეებს შორის გრძელდება და სომხეთი ოპტიმიზმს არ კარგავს. აქ უწინდებურად გულწრფელად სჯერათ, რომ თუკი არსებობს გზები, ისინი უნდა გაიხსნას და ქვეყნებსა და კონტიტენტებს შორის დამაკავშირებელი გზები არასდროსაა ბევრი.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი