ახალი ამბები

დიღომში აფეთქების საქმეზე “ყაზტრნსგაზის” ორი თანამშრომელია დაკავებული

18 იანვარი, 2019 • 1508
დიღომში აფეთქების საქმეზე “ყაზტრნსგაზის” ორი თანამშრომელია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელია დკავებული. აფეთქება ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

 უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები არიან “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, აღნიშნულ მისამართზე კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.

ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა – ვ.მ-მ და თ.ტ-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია”, – ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს.

უწყების ცნობით, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი