თბილისში “განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება” – სამინისტრო

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ინიციატივა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს, 18 იანვარს, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს.


უწყების თანახმად, ახალი ქალაქი დიდ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და “რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება”.

“საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი”, – აცხადებს სამინისტრო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან