ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს

14 ივლისი, 2014 • • 1869
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს

გიორგი ალიბეგაშვილი არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. ზემოხსენებული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ალიბეგაშვილი  დაიბადა თბილისში 1959 წლის 26 მაისს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე ,,ეფრემ მცირის ლიტერატურული შეხედულებანი”, ხოლო 1999 წელს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი თემაზე ,,შატბერდის კრებული ” და ქრისტიანული ეგზეგეტიკა”. 1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის სპეციალისტად, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ლაბორანტად, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრის დოცენტად და შემდგომ პროფესორად (წოდება მიენიჭა 2001 წელს). 1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში – თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1983 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში.

 

2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს: ,,თარგმანის თეორია”, ,,აკადემიური წერა”, ,,თარგმანის ისტორია და ტრადიციები, ლექსიკოლოგია”, ,,შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორია”, ,,ქრისტიანობა და ქართული კულტურა”, ,,ქრისტიანული კულტურის საფუძვლები” და სხვა. ქართულ, რუსულ, და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, სტატია, აგრეთვე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელოები. მისი ნაშრომების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

გიორგი ალიბეგაშვილი/ქართული უნივერსიტეტის ფოტო
გიორგი ალიბეგაშვილი/ქართული უნივერსიტეტის ფოტო

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი