ღარიბაშვილი: ლექსო ჭიკაიძემ რეკორდი მოხსნა და მინდა მივულოცო

საქართველოს მთავრობის სხდომის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მან ყურადღება გაამახვილა გასულ კვირაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, კერძოდ, 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტზე.

პრემიერის თქმით, ამ ოდენობის ნარკოტიკი სამართალდამცავებს არასოდეს ამოუღიათ.

 

„მართლაც დასაფასებელია ის მუშაობა, რასაც ლექსო ჭიკაიძის უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს მკაცრი. გასულ წლებში ჩვენ არასოდეს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი.

 

გასულ წელს ჩვენ ამოვიღეთ 116 კილოგრამი, რაც რეკორდული რაოდენობა იყო, თუმცა ლექსო ჭიკაიძემ ეს რეკორდი მოხსნა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს, საბოლოო ჯამში, ქვეყანას აძლიერებს და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას უწყობს ხელს.

 

იგი ასევე გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს:

 

„ვულოცავ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერებს. არჩევნებამდე ვამბობდით, რომ ყველა რაიონში მოვიგებდით და ეს ასეც არის. ყველა რაიონში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული არჩევნების წარმატებული დაგვირგვინება იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გერმანიის ნაკრების გამარჯვება. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატის დაწყების დღიდან გერმანიას გულშემატკივრობდა.

პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი