ახალი ამბები

კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ორ პირს 8 და 7 წელი მიესაჯა

18 იანვარი, 2019 • 1792
კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ორ პირს  8 და 7 წელი მიესაჯა

თბილისში მდებარე ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავებულ 2 პირს 8 და 7  წლით თვისუფლების აღკვეთა მიესჯა.

გამოძიების ვერსიით, რომელიც სასამართლომ გაიზიარა თ.ჩ-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 28 აპრილს თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე, ხოლო ნაწილი ასევე უკანონოდ გაასაღა იმავე მოქალაქეზე ქ. თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე.

სამართალდამცველებმა თ.ჩ. ქ.თბილისში 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული თ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.მ- ს ბრალდების საქმეს, გამოძიების ვერსიით, მან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები 2018 წლის 5 მაისს თბილისში მდებარე ღამის კლუბში „მტკვარზე“ უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.

ის 12 მაისს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა. გ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. ასევე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.


სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაადასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

ყველა სიახლე ამ თემაზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი