ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს – კალაძე

18 იანვარი, 2019 • 2653
ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ამის შესახებ მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

“ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი “ბუდაპეშტი” იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, რომ ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ყოფილი ხელისუფლების მიერ მშენებლობებზე გაცემულ ნებართვებთან დაკავშრებით კახა კალაძემ დილით გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა; თბილისის მერმა ვაკის პარკის, კუს ტბისა და სასტუმრო ჰოლიდეის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებისა და სამშენებლო ნებართვების გაცემისთვის ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მსგავს მშენებლობებს არ დაუშვებს და ყველაფერს გააკეთებს თბილისის მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად.

“მინდა განვაცხადო, რომ სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმეზე, სჯობს, კანონმდებლობაში ჩაიხედონ, საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანებთან მაინც გაიარონ კონსულტაციები, ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კონკრეტული უწყებების დასკვნებს.

მათ ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას იმისთვის, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც, მაგალითად, ვაკის პარკში გასცეს 5-ვარკსვლავიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისეს და გასცეს სამშენებლო ნებართვა, სასტუმრო ჰოლიდეის წინ მოედანი გაასხვისეს და გასცეს მშენებლობის უფლება… თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის მომხიბვლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა.

20-25 წლის განმავლობაში მართლაც ძალიან მძიმე შედეგი დადგა ქალაქში; ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვის არის მისაღები ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, მე ამ პროცესში და კანონმდებლობის გამკაცრებაში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერის იმედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ყველა აქტუალური პრობლემის მოგვარებას და ღირსეულად ვუპასუხებთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. გარწმუნებთ, მერიის თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში გაფუჭებული გამოასწოროს და დედაქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, კომფორტული, გამართული და ეკოლოგიური. ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ზოგიერთი ოპონენტი დიდი დიღმის ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას და მერიის დისკრედიტაციას ცდილობს, ასევე, პირადად მას აკავშირებენ კორპუსის აფეთქებასთან, რის შესაძლებლობასაც არ მისცემს.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა დერეგულაციები, რამაც ძალიან მძიმე შედეგი მოუტანა ქალაქს. თბილისის მერი მშენებლობასა და სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი