ახალი ამბები

გაზის შიდა ქსელებს სახელმწიფო არ ამოწმებს

17 იანვარი, 2019 • 6031
გაზის შიდა ქსელებს სახელმწიფო არ ამოწმებს

თბილისში გაზის გაყვანილობების შიდა ქსელებს არცერთი სახელმწიფო უწყება არ ზედამხედველობს. ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ არცერთი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში არ შედის უშუალოდ სახლებში მოწყობილი გაზის გაყვანილობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა.

ჩვეულებრივ, ახალაშენებულ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაყვანის სქემა ასეთია — ლიცენზიატი, ანუ გაზის კომპანია, მოაწყობს გარე ქსელს, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მას გაზსადენი მილი კორპუსამდე მიჰყავს.

ამ საქმიანობის მოწესრიგება მთლიანად ლიცენზიატს, ანუ გაზის კომპანიას ევალება. როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გვიხსნის, სხვას არავის აქვს გარე ქსელის აშენების უფლება. ხოლო გადაცდომის შემთხვევაში, მას თავის მხრივ რეგულატორი ზედამხედველობს — სემეკი, გაზისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ორგანო.

ლიცენზიატი ასევე აპროექტებს, თუ  როგორ უნდა მიერთდეს გამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტი, მაგრამ უშუალოდ მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე შიდა ქსელს თვითონ კორპუსის მშენებელი მართავს.

ამისთვის მას შეუძლია კერძო პირი/კომპანია დაიქირაოს, თუმცა არ არსებობს ლიცენზიატის ზედამხედველობის მექანიზმი.

სემეკშიც — გაზისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ორგანოში, და თბილისის მერიაშიც გვითხრეს, რომ მათს კომპეტენციაში არ შედის გაყვანილობაზე ზედამხედველობა. იგივე დაგვიდასტურეს ყაზტრანსგაზშიც.

ვის გაჰყავს შიდა ქსელები?

მშენებელი ირჩევს, ვის გააყვანინოს შიდა ქსელი, — როგორც ენერგოომბუდსმენი გვიხსნის, მას შეუძლია, შემოიყვანოს თავისი სპეციალისტი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქსელის გამართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

“ეს არ არის ის ხალხი, ვინც გაზის მეურნეობაში მუშაობს და დახელოვნებულია ამ კუთხით”, – გვიხსნის სალომე ვარდიაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ამ პროცესზე ზედამხედველობა, მაგრამ სახელმწიფო ორგანო ზედამხედველობას არ ახორციელებს, საუბარია მხოლოდ კერძო პირებზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ამოწმებს, თუ როგორაა გამართული შიდა ქსელი და არც ვინმეს ავალდებულებს ამის შემოწმებას.

“მშენებელს შეუძლია, ზედამხედველობის განხორციელება, როგორც სერვისი, შეიძინოს თვითონ მომსახურე ლიცენზიატისგან, ან საკუთარი ძალებით ვინმე კვალიფიციური პირის მიერ გაუწიოს ზედამხედველობა”.

პრაქტიკაზე დაყრდნობით, ენერგოომბუდსმენი გვეუბნება, რომ როგორც წესი, მშენებლები არჩევენ, “საკუთარი ძალებით მოიყვანონ სპეციალისტები, კვალიფიციური პირები, ვინც ამაზე ზედამხედველობას ჰპირდებიან”. თუმცა, მისი გამოცდილებით, “ასეთი კვალიფიციური ადამიანი ბევრი არ არის”.

“გამკაცრდეს რეგულაციები”

“ამიტომაც ხდება ისე, რომ შიდა ქსელი ხან არასწორად არის მოწყობილი, ხან პროცედურაა დარღვეული”, — ამბობს ვარდიაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამის გამო უნდა გამკაცრდეს აუცილებლად შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციები:

“შეიძლება, რომ კანონმდებლობამ ეს დაარეგულიროს და თქვას, რომ ზედამხედველობა გასაწევი იქნება კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, ან, შეიძლება, უკეთესი იყოს, ეს ტვირთი პირდაპირ სახელმწიფომ კი არ აიღოს, არამედ შემოიღოს სერტიფიცირება ან ლიცენზირება კომპანიებისთვის, ვინც ამას გააკეთებს კვალიფიციურად, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რომ ყველაფერი ზუსტად იქნება შესრულებული”…

“გაზის მეურნეობაში სამუშაოები უნდა გააკეთონ ისეთმა პირებმა ან ორგანიზაციებმა, ვისაც ამის ლიცენზია/სერტიფიცირება ექნება. სხვანაირად ყოველთვის მივიღებთ კუსტარულ საქმიანობას, სადაც არ გვეცოდინება, რა ხდება”, – ამბობს იგი.

რა მდგომარეობაა ძველ კორპუსებში?

ენერგოომბუდსმენის ცნობით, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა ძველ კორპუსებში, სადაც გაყვანილობა ათწლეულებს ითვლის; ამასთან, იქ მოქალაქეები თვითნებურად ამონტაჟებენ გაზის დანადგარებს.

“ძველ კორპუსებში ძალიან ბევრი წყალგამაცხელებელი გვაქვს, რომლებსაც აქვთ დახურული წვის კამერა და შიგნითა პერიმეტრზე მათი განთავსება დაუშვებელია. ძალიან ბევრი შემთხვევაა ჩვენთვის ცნობილი, რომ კომპანიამ ასეთი კამერა დალუქა, თუმცა მოქალაქეებმა თვითნებურად ახსნეს ლუქები. ეს სიცოცხლისთვის საშიში ქმედებაა… გაზი არის ყველაზე საშიში ნივთიერება და დაუშვებელია კომპრომისი”, – გვეუბნება იგი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი