ახალი ამბები

სავარაუდოდ, პოლიციის მიზანია ეს დანაშაული სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს – კობაიძე

17 იანვარი, 2019 • 1402
სავარაუდოდ, პოლიციის მიზანია ეს დანაშაული სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს – კობაიძე

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს, 17 იანვარს, პოლიციაში გამოკითხვაზე კორპუსის მშენებელი კომპანიის “ელ ჯგუფის” დირექტორი გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, პოლციის მიზანია მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიას დააკისროს.

“დღეს მოხდა გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ამ შემთხვევაში ისეთი კითხვები იქნა დასმული, რომ სავარაუდოდ, პოლიციის მიზანია ეს დანაშაული სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს. ძალიან ცუდია, როცა რეალური ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით მუშაობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ხვალ აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას და ვისაუბრებთ დეტალებზე, ანუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ყაზტრანსგაზს”. შესაბამისად, მოსახლეობის სახელით მინდა განგიცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს და მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას “ყაზტრანსგაზისგან”,-აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა “ყაზტრანსგაზ თბილსის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს დაახლოებით 70 ადამიანი შეიტანს. კობაიძის მტკიცებით, გაზის სუნის გამო, მოქალაქეებმა ყაზტრანსგაზში დარეკეს, თუმცა ამაზე კომპანიას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ადვოკატის თქმით, წარმოუდგენელია ამ საქმეში ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მისი დაკავება არ მოხდება.


აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მასალების გადაბეჭდვის წესი