ახალი ამბები

პირველი იანვრიდან 312 ინფიცირებული – საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

17 იანვარი, 2019 • 6653
პირველი იანვრიდან 312 ინფიცირებული – საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც ნეტგაზეთს ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უთხრა, პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.

“ვაფიქსირებთ, რომ გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. პირველი იანვრიდან უკვე 312 შემთხვევაა დაფიქსირებული. ძირითადად, წითელამ მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა შორის დაახლოებით 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8% არის 0-დან 1 წლამდე, 14% კი – 1-დან 5 წლამდე კი ” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მზარდია ეს მონაცემები, ვინაიდან, მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი კვლავ არ არის. ამირან გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა.

“ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მალე აიცრან. დღეისთვის საქართველოში ვაქცინათა საკმარისი რაოდენობა გვაქვს, ასევე სახელმწიფო აფინანსებს ამ აცრებს. ვთხოვთ ყველა მშობელს, რომ გადაამოწმონ თავიანთი ბავშვების აცრის კალენდარი. თუ, ბავშვი არის 5 წლის და ის ორჯერ არ არის აცრილი, აცილებლად მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან.

განსაკუთრებით მივმართავ მოსახლეობის 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. თუ არ ახსოვთ, აცრილები არიან თუ არა, ან თუ არ ახსოვთ, გადატანილი აქვთ თუ არა წითელა, ვაქცინაცია არაფერს ავნებთ მათ, პირიქით, კარგი იქნება, ერთი დამატებითი აცრა პოლიკლინიკაში გაიკეთონ. ამას ყველაფერს სახლემწიფო აფინანსებს,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუ მოსახლეობა მასობრივად არ აიცრა,  წითელა “ყოველწლიურად შეგვახსენებს თავს”. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში წითელას ეპიდაფეთქებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუმინეთში, უკრაინაში, საფრანგეთში და იტალიაში ფიქსირდებოდა. 42 ათასამდე შემთხვევიდან ლეტალურად 35 დამთავრდა. გამყრელიძის თქმით, დაავადება ცირკულირებს იმიტომ, რომ ბოლო წლებში აცრის მიმართ ყურადღება მოდუნდა.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში  – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო.

ამავე თემაზე:

“გამოვდივართ ინიციატივით, ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო” – კაკი ზოიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი