ახალი ამბები

ფონიჭალაში 2 თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ

17 იანვარი, 2019 • 2259
ფონიჭალაში 2 თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების საქმეზე, რომელსაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა, ჯერჯერობით პასუხისგებაში არავინ მუციათ.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტორში გადაამოწმა. უწყებაში აცხადებენ, რომ გასული წლის ნოემბერში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საინჟინრო, სამედიცინო, სახანძრო და სხვა სახის ექსპერტიზები დაინიშნა, რომელთა პასუხებსაც შსს ამ დრომდე ელის. უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარდა არაერთი გამოკითხვაც, თუმცა, ამ დროისათვის, პასუხისგებაში მიცემული ან დაკავებული არავინაა.

ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება 2018 წლის 15 ნოემბერს მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ უბედურ შემთხვევას ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება სსკ-ს 240 მუხლის პრიმა მესამე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია გუშინ, 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებაც, რომელსაც ასევე ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი, სხეულის დაზიანება კი რვა პირმა მიიღო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” გაავრცელა. კომპანია ამბობს, რომ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი