ახალი ამბები

აფეთქებისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმე არ არის – სამინისტრო

17 იანვარი, 2019 • 1278
აფეთქებისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმე არ არის – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი.

სამინისტროს ცნობით, მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ. ექიმის განცხადებით, არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი