ახალი ამბები

ჩემგან კანდიდატების შეფასება გაუმართლებელია – წულუკიანი მოსამართლეების სიაზე

16 იანვარი, 2019 • 1625
ჩემგან კანდიდატების შეფასება გაუმართლებელია – წულუკიანი მოსამართლეების სიაზე

თეა წულუკიანის თქმით, მისი მხრიდან რომელიმე უვადო მოსამართლეობის კანდიდატის პიროვნული შეფასება სამართლებრივად და პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ახალი კონსტიტუციით და კანონით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში არის ავტორიტეტული, მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამოირიცხა მთავრობის მონაწილეობა.

“ეს ნიშნავს, რომ გამოირიცხა იუსტიციის მინისტრის ნებისმიერი როლი და პრეზიდენტის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. რეალურად, ახალი საკანონმდებლო ნორმით, ამ პროცესში მხოლოდ მონაწილეობს მართლმსაჯულება და საკანონმდებლო ორგანო. აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან რომელიმე კანდიდატის პიროვნული შეფასება სამართლებრივად და პოლიტიკურად იქნებოდა გაუმართლებელი. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კანდიდატზე არ მაქვს ჩემი კონკრეტული აზრი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აზრი პოლიტიკურად ან სამართლებლივად გაუმართლებელია, რომ საჯაროდ განვაცხადო,” – ამბობს წულუკიანი.

რაც შეეხება თვითონ მოსამართლეების სიის წარდგენას, თუა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ეს სია ნაჩქარევად იყო შედგენილი. თუმცა,იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ახლა პროცესი დადებით ტალღაზეა და ემსახურება კრიტერიუმების ჩამოყალეიბებას:

“მათ შორის, იმაზე მსჯელობასაც, მომავალში კანდიდატად უნდა იყოს თუ არა წარდგენილი ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი ხელით, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილება ან განაჩენი არასდროს შეუდგენია – შეიძლება იყოს და შეიძლება არ იყოს. ამაზე პასუხებია გასაცემი.”

თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარია, სწორი კითხვები დაისვას პროცესში და შემდეგ ამ კითხვებს სწორი პასუხები გაეცეს იმისთვის, რომ კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი