ახალი ამბები

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ გვახარებდეს? – ზალკალიანი უკრაინის ავტოკეფალიაზე

16 იანვარი, 2019 • 1177
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ გვახარებდეს? – ზალკალიანი უკრაინის ავტოკეფალიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახარებს უკრაინის ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა დავით ზალკალიანმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს.

“მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს. ამას არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით, არამედ საქმითაც ვადასტურებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა. კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საკუთარ პოზიციას ავტოკეფალიის საკითხის შესახებაც “საკმაოდ მკაფიოდ” აფიქსირებს:

„უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო- შეთანხმებები გვაერთიანებს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს ეს ფაქტი. ჩვენს პოზიციას ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებთ. როდესაც მინისტრი ახმაურებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ეს ოფიციალური პოზიციაა”.

რაც შეეხება ოფიციალურ მილოცვას, პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი აცხადებს, რომ ეს, პირველ რიგში, “ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს”.

“ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს”, – ამბობს ის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე  მას არაერთხელ ჰქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან.

უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა აშშ-მა 10 იანვარს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, ჯერჯერობით დუმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხს სენსიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, უკრაინას არ მიულოცავს.


  • 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
  • 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი