ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კონსტანტინოპოლის დროებითი იურისდიქცია აფხაზეთში – იდეა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო “არ დათანხმდა”

16 იანვარი, 2019 • 5540
კონსტანტინოპოლის დროებითი იურისდიქცია აფხაზეთში – იდეა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო “არ დათანხმდა”

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს საპატრიარქოს შესთავაზა მსოფლიო საპატრიარქოსთან შეთანხმების დადება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთში ღვისთმსახურების ჩატარების  უფლების დროებით გადაცემა კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის, თუმცა უარი მიიღო.

როგორც ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ეს იდეა მაშინდელ (2013 წელი) პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გაუზიარა და საპატრიარქოსთან მოლაპარაკების დაწყების ნებართვა მიიღო, თუმცა ის ვერ განხორციელდა, რადგან საქართველოს საპატრიარქომ “მკაფიო და ცალსახა” უარი განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, იმ პერიოდში აფხაზეთში გააქტიურებული იყვნენ ის სასულიერო პირები, რომლებიც რუსეთის ნაცვლად კონსტანტინოპოლისაგან იყურებოდნენ და მათ ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდათ. ზაქარეიშვილის თქმით, ამ ნაბიჯით ქართული მხარე აფხაზების გულსაც მოიგებდა და რუსეთისგან მათ დისტანცირებასაც შეუწყობდა ხელს.

“როცა მე გახლდით სახელმწიფო მოხელე, ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, ბართლომეუსი (მსოფლიო პატრიარქი) ჩამოდიოდა თბილისში. მაშინ აფხაზეთში ეკლესიური მომენტები გაყოფილი იყო და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტანტინოპოლისკენ წასვლა [სურდა]. პირველად, ინსტიტუციონალურად, აფხაზეთში აშკარად გამოიკვეთა ანტირუსული განწყობები. იქ ეს იგრძნობა, მაგრამ ინსტიტუციონალურად პირველი იყო, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომელსაც სულ არ ადარდებს მართლმადიდებლობა, გამოხატა თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მხარი დაუჭირა რა კონსტანტინოპოლისკენ მომზირალ სამღვდელოებას: დოროფეი დბარი და დავით სარსანია არიან წამყვანი ფიგურები ამ კუთხით. მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 80 პროცენტი,  მათ სიმპათიზირებს. ხალხს აშკარად არ უნდოდა რუსეთთან ყოფნა და საზღვარგარეთ გასვლა სურდა. თბილისში ჩამოვიდა ბართლომეუსი. მე ვუთხარი პრემიერსაც და პარლამენტის თავმჯდოამრესაც, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენ შევთავაზებთ, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ საქართველოს ეკლესია ბართლომეუსთან დადებდა ტომოსს (შეთანხმებას), სამართლებრივ დოკუმენტს, სადაც დაიწერებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის სასულიერო მწყემსობა განეხორციელებინა კონსტანტინოპოლს. ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე ეს ყოფილიყო ჩვენი ნებართვით, ჩვენი სახელით [კონსტანტინოპოლს განეხორციელებინა საკლესიო იურისდიქცია].

მანამდე, როდესაც [რუსეთის პატრიარქი] კირილი ეკურთხა, პირველი შეხვედრა ჩვენს პატრიარქსა და კირილს შორის კიევში გაიმართა და იქ საჯაროდ ჩვენმა პატრიარქმა სთხოვა რუსეთის საპატრიარქოს, რომ ვინაიდან ჩვენი სამღვდელოება ვერ შედის და ხელი არ მიგვიწვდება ჩვენს მორწმუნეებთან, რათა განვახორციელოთ ლიტურგია და ევქარისტიის საიდუმლო, შესაბამისად, გთხოვთ, რომ ეს რუსეთმა გააკეთოსო. ამაში თავისთავად ტრაგედია არაა, მაგრამ როცა უფრო ლეგიტიმურია კონსტანტინოპოლი, რატომ სთხოვ რუსეთს? ამიტომ ჩემი წინადადება იყო, რომ თუ ჩვენ მზად ვართ, რომ ვთხოვოთ სხვას, რატომ უნდა ვთხოვოთ რუსეთს, როდესაც არის კონსტანტინოპოლი? მით უმეტეს, როდესაც აფხაზეთში არის მზაობა. აფხაზები ამით გარკვეულწილად მიხვდებოდნენ, რომ ჩვენ მათ აქ დავხვდით და, მეორე მხრივ, ჩვენ მათ გულისთქმას გავუგებდით. მე მგონია, რომ ეს იქნებოდა სწორი”, – აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილისაგან მიიღო თანხმობა, მოლაპარაკება ეწარმოებინა საქართველოს საპატრიარქოსთან.

“ბიძინამ მითხრა, რომ ძალიან კარგია და სწორია… ასე თუ ისე, მოეწონა თუ არ მოეწონა, მითხრა, დაელაპარაკე საპატრიარქოსო. იცოდა, რომ მე კონტაქტები და ურთიერთობები მაქვს. რაკი პრემიერისაგან უფლებამოსილება მივიღე, წავედი საპატრიარქოში, სადაც სერიოზული კამათი მქონდა. იქ, როგორც წესი, ძალიან კარგად მიღებენ, რადგან ჩემი ბევრი მეგობარია, მე სასულიერო აკადემია მაქვს დამთავრებული და ეპისკოპატში ბევრი მეგობარი მყავს. მივიღე მკაფიო და ცალსახა უარი. არგუმენტი იყო ის, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებსო”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ეს არგუმენტი ახლაც ისმის უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი აზრით, სრულიად უსუსურია.

“მე არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტების მატარებელი ვარ და რასაც ვამბობ, ესაა სწორი, მაგრამ თუ ჩვენ ვუშვებთ, რომ აფხაზეთში არის ისეთი გარემო, რომ მისი ავტოკეფელიის აღიარება შეიძლება, რაც აბსურდულია, დედამიწაზე სულ 15 ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, 192 სახელმწიფოა დამოუკიდებელი და რუსეთი ამით მანიპულირებს, მაგრამ მაშინ 15 ეკლესიასთან უნდა იჭიდაოს. აფხაზეთში ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეპისკოპოსი არაა და ა.შ. მაგრამ თუ იქ არსებობს იმის საფუძველი, რომ რუსეთმა აღიაროს ავტოკეფალია, ეს საფუძველი კონსტანტინოპოლისთვის რატომ არ არსებობს? თუ ჩვენ კონსტანტინოპოლის მტრის მხარეს გადავდივართ, რატომ არ ვთვლით, რომ შეიძლება კონსტანტინოპოლმაც აღიაროს? ვერც კონსტანტინოპოლი აღიარებს და ვერც რუსეთი, არავითარი საფუძველი არ არსებობს ამის, ხალხი არ არის, ეკლესია არ არის. უკრაინაში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და რამდენი საუკუნე იბრძოდა, უკრაინაში ეპისკოპოსებია სამღვდელოების დასია… სულ სხვა სიტუაციაა უკრაინაში, როგორ შეიძლება უკრაინის აფხაზეთთან შედარება? მე ადამიანს, რომელსაც რაღაც გაუგია მართლმადიდებლობაში, მკაფიოდ ვიცოდი, რომ უპირატესობა ავტოკეფალიის მინიჭების თვალსაზრისით კონსტანტინოპოლს გააჩნია. რაც ახლა დაადასტურეს, სანამ უკრაინას ავტოკეფალიას მისცემდნენ, მკაფიოდ თქვა კონსტანტინოპოლმა: მხოლოდ მე მქავს უფლება მივანიჭო ავტოკეფალიაო. თუ ამას ვხედავთ, რატომ ვირთულებთ საქმეს?”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი პოზიცია უნდა დააფიქსირონ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მისი თქმით, საპატრიარქოს ჯერჯერობით აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავოს, რადგან ჯერ არც სხვა ეკლესიებს უღიარებიათ უკრაინის ავტოკეფალია. მისი თქმით, საპატრიარქოს არგუმენტი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავშეკავებასთან დაკავშირებით სწორედ ეს უნდა იყოს და სხვა ეკლესიებთან კონსულტაციები უნდა ჰქონდეს.

“დრო არის. ეკლესიას კისერზე ფეხი დავაბიჯოთ, რატომ არ აღიარებო, არ იქნებოდა სწორი. მე უფრო სახელმწიოფსთან მაქვს პრეტენზია”, – ამბობს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობაში ყველაზე უკეთესი პლატფორმა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მისალოცად პრეზიდენტს აქვს, გამომდინარე მისი ცერემონიალური ფუნქციებიდან.

“ის არის შუალედური რგოლი, ცერემონიალურია, ვიღაცებს რაღაცებს ულოცავს, ვიღაც თუ მოკვდება, მიუსამძიმრებს . ამიტომ მას ყველაზე კარგი ვარიანტი აქვს დღეს, რომ თქვას: მე ვულოცავ უკრაინის ხალხს ამ დიდ მნიშვნელოვან წამრატებას, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა”, – ამბობს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობამაც მეტი სოლიდარობა უნდა გამოხატოს უკრაინის მიმართ.

მანს ასევე კომენტარი გააკეთა შესაძლო საფრთხეზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკლესიის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგას აფხაზეთის მიმართულებით. მისი თქმით, იმაზე უარესი, რა ვითარებაც დღესაა, ვეღარაფერი მოხდება. მისი განმარტებით, დე ფაქტო მაინც რუსეთი მართავს აფხაზეთში სიტუაციას. მისი თქმით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებით უფრო მეტ მინუსს მიიღებს, ვიდრე საქართველო, რადგან ამას სხვა ეკლესიები არ ცნობენ, მეტიც, ზაქარეიშვილის აზრით, ეს სხვა სლავურ ეკლესიებსაც არ მოეწონებათ.

სრულად ზაქარეიშვილის პოზიციებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ვიდეოში:

მასალების გადაბეჭდვის წესი