ახალი ამბები

30 დეპუტატი 2018 წელს პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა

16 იანვარი, 2019 • 2593
30 დეპუტატი 2018 წელს პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა

2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ პლენარულ სხდომებზე პარლამენტარების ზუსტად 20%, ანუ მეხუთედი — 30 პარლამენტარი — სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.

მათ გარდა, 5 ან 5-ზე ნაკლები გამოსვლა კიდევ 34 პარლამენტარს აქვს. ჯამში, 64 პარლამენტარს აქვს 0-დან 5-მდე გამოსვლა.

ნეტგაზეთის მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვლიდან 21 დეკემბრამდე 47 პლენარული სხდომა ჩატარდა.

პარლამენტარები
Infogram

იმ 30 დეპუტატიდან, ვინც წლის განმავლობაში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, 25 “ქართული ოცნების” წევრია, 4 — “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 1 კი — “პატრიოტთა ალიანსის” [მათი სია იხილეთ სტატიის ბოლოს].

ამ 30-დან მხოლოდ თორმეტია პარტიული სიებით პარლამენტში მოხვედრილი; დანარჩენი 18 კი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია სხვადასხვა რეგიონიდან.

ყველაზე მეტჯერ სიტყვით გამოვიდნენ ეკა ბესელია (“ქართული ოცნება”, 199-ჯერ), რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ანრი ოხანაშვილი (“ქართული ოცნება”, 107-ჯერ) იმავე კომიტეტიდან და ზურაბ ჭიაბერაშვილი (“ევროპული საქარველო”, 97-ჯერ) ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებიდან.

ასეთი მაღალი მაჩვენებელი მეტს არავის აქვს — მათ შემდეგ მოდიან სერგო რატიანი (“ევროპული საქართველო) და გიორგი კახიანი (“ქართული ოცნება”) 69-69 გამოსვლით, სხვებს კი უფრო ნაკლები გამოსვლები აქვთ.

პარლამენტართა სიტყვით გამოსვლების რაოდენობების მედიანა არის 9; ე.ი. უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018 წელს თითო პარლამენტარი სიტყვით საშუალოდ 9-ჯერ გამოდიოდა.

კანონპროექტების ინიცირება

2018 წლის განმავლობაში, პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში დარეგისტრირდა 114 კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები იყვნენ.

იმ 30 პარლამენტარიდან, რომელიც შარშან პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, არცერთი არ ყოფილა წლის განმავლობაში პარლამენტში დარეგისტირებული კანონპროქტების ავტორი; მათგან მხოლოდ 8 ფიქსირდება სხვადასხვა კანონპროექტის ინიციატორად.

იმ 8 დეპუტატიდან, ვინც სხვადასხვა კანონის ინიციატორი იყო სხვა პარლამენტარებთან ერთად, 5 დეპუტატი თითო-თითო კანონპროექტის ინიციატორი იყო, ერთი – სამი კანონპროექტის, დანარჩენი ორი კი — 5-5 კანონპროექტის ინიციატორი.

ამ 30 პარლამეტარიდან 12 დეპუტატი სხვადასხვა დროს 31 მივლინებაში იმყოფებოდა. მათთვის სამივლინებოდ გამოყოფილი თანხამ 59 797 ლარი შეადგინა. მათგან ყველაზე მეტ, 10 მივლინებაში, რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდა. ამ 12 დეპუტატს შორის სწორედ მისი მივლინებებისთვის გამოიყო ყველაზე მეტი თანხა — 19 275 ლარი.


პარლამენტარები, რომლებიც ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით, არიან:

ქართული ოცნებიდან

  1. ლევან ბეჟანიძე, ბათუმის მაჟორიტარი
  2. რუსლან გაჯიევი, მარნეულის მაჟორიტარი
  3. ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მაჟორიტარი
  4. მახირ დარზიევი, პარტიული სიით
  5. მუხრან ვახტანგაძე, ბათუმის მაჟორიტარი
  6. ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი
  7. გიორგი თოთლაძე, ქარელის მაჟორიტარი
  8. ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის მაჟორიტარი
  9. ზაზა კედელაშვილი, პარტიული სიით
  10. შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი
  11. გიორგი კოპაძე, ახალციხის მაჟორიტარი
  12. თეიმურაზ კოხრეიძე, პარტიული სიით
  13. იოსებ მაკრახიძე, გორის მაჟორიტარი
  14. სამველ მანუკიანი, პარტიული სიით
  15. სავალან მირზოევი, გარდაბნის მაჟორიტარი
  16. ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მაჟორიტარი
  17. რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი
  18. თამაზ ნავერიანი, მარნეულის მაჟორიტარი
  19. დიმიტრი სამხარაძე, პარტიული სიით
  20. გოდერძი ჩანქსელიანი, გარდაბნის მაჟორიტარი
  21. არჩილ ხაბაძე, პარტიული სიით
  22. ფატი ხალვაში, ბათუმის მაჟორიტარი
  23. ირაკლი ხახუბია, ფოთის მაჟორიტარი
  24. თენგიზ ხუბულური, გორის მაჟორიტარი
  25. ვიქტორ ჯაფარიძე, პარტიული სიით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან

  1. კობა ნაყოფია, პარტიული სიით
  2. რამაზ ნიკოლაიშვილი, პარტიული სიით
  3. აზერ სულეიმანოვი, პარტიული სიით
  4. გიორგი ღვინიაშვილი, პარტიული სიით

პატრიოტთა ალიანსიდან

  1. გელა მიქაძე, პატრიოტთა ალიანსი, პარტიული სიით;

ნახეთ დეპუტატების სრული სია და სიტყვით გამოსვლის რაოდენობები:

ნახეთ ასევე:

2018 წლის სესიების TOP გამცდენი და დამსწრები დეპუტატები პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი