ახალი ამბებისაზოგადოება

“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

15 იანვარი, 2019 • 3463
“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის, იღუმენ ალექსანდრე ჭინჭარაულის და მონასტრის საძმოს გადაწყვეტილებით მეორე დღეა სტუმრებისთვის დაკეტილია.

იღუმენი ჭინჭარაული მცხეთის მერიისგან გარემოვაჭრეების გაყვანას მოითხოვს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რასაც თავად გარემოვაჭრეები არ ეთანხმებიან და ტურისტების მომსახურებას კვლავ ჯვრის მონასტრის სიახლოვეს აპირებენ.

როგორც გარემოვაჭრეები ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებენ, ეს საქმიანობა მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ისინი უარყოფენ, თითქოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოსადგომს იკავებენ გარევაჭრობისთვის, ან სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს არღვევენ.

მევლუდ ღარიბაშვილი ჯვრის მონასტრის ეზოს სიახლოვეს ხილითა და წვენებით ვაჭრობს. მისი თქმით, გარემოვაჭრეები და ტურისტებიც ითხოვენ სამღვდელოების პასუხს იმის შესახებ, თუ როდის გაიხსნება მონასტერი:

ტურისტები და მომლოცველები ამოდიან, მაგრამ ბოქლომით დაკეტილი ხვდებათ მონასტრის კარი. ვერავინ სანთელს ვერ ანთებს. ჩვენ სამღვდელოება დაგვიპირისპირდა, ვითომ გზის სავალ ნაწილზე ვართ გადმოსულები, თუმცა თავადაც დააფიქსირებთ, რომ სავალ ნაწილზე არანაირი ჯიხური არ დგას. ჩვენ არც სავალ ნაწილზე ვართ და არც მონასტრის ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ მთავრობის ტერიტორიაზე და ხელს არავის ვუშლით. მთავრობა და მცხეთის მერია არფერ შუაშია. ეს ამბავი გამოიწვია სამღვდელოებამ, რომელმაც დაკეტა მონასტერი.”

კიდევ ერთი წვენებით გარემოვაჭრე, გიორგი კოზმანაშვილი აცხადებს, რომ თავად მონასტრის სამღვდელობას ან ეკლესიას აქამდე მათთვის არაფერი შეუთავაზებია პრობლემის მოსაგვარებლად.

მუდმივად ასეთი დაპირისპირება გვაქვს. ღია ცისქვეშ დგომით დავადმყოფდი, სტენტები მიდევს გულში, მაგრამ ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩვენი ოჯახის. ჩვენც მოვითხოვთ მამაოს გადაყვანას სხვაგან. შევაგროვებთ ხელწერილებს და მოვითხოვთ მამაოს გადაყვანას. აქედან რომ წავიდეთ ჩვენ, რა გავაკეთოთ? მოვიპაროთ? არცერთ სამსახურს არ ვუნდივარ, ნახევრად შშმ პირი ვარ…”

ამ ვითარების მიუხედავად, დღესაც ათობით ტურისტული ჯგუფი სტუმრობდა ჯვრის მონასტერს. ისინი ეკლესიაში ღობიდან ძვრებიან, ნაწილი კი შემოვლითი გზით შედის დაკეტილი მონასტრის ეზოში.

ჯვრის მონასტრის საძმოს განცხადებით, მონასტერი ფართო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად დაკეტეს, რათა მომხდარიყო კონსოლიდაცია გარევაჭრობის პრობლემის ირგვლივ და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.

მონასტრის საძმოს განცხადებით, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით, მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა.

მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ჯვრის მონასტერი VI საუკინის შემდეგ არავის დაუკეტავს და გარემოვაჭრეების გამო მისი დაკეტვა არ არის კარგი აზრი:

არ მგონია, ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება დაკეტვასთან დაკავშირებით ვინმემ დადებითად შეაფასოს. ეს პრობლემა საპატრიარქოს მხრიდან უნდა მოგვარდეს. მერიას არ აქვს არანაირი უფლება, მონასტერი დაკეტოს ან გააღოს.”

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საპატრიარქოს განცხადებით, მათ ესმით, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ:

როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.”

საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილლიზებული სახე მიეცეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი