ახალი ამბებისაზოგადოება

უნდა დაელოდოს თუ არა მთავრობა ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

18 იანვარი, 2019 • 3128
უნდა დაელოდოს თუ არა მთავრობა ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიული ტომოსის გაფორმებიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია ფაქტზე ოფიციალური, ერთიანი პოზიცია.

ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებმა, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსჯელო საკითხს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გააღვივა დისკუსია, ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართების, მეორე მხრივ კი, უკრაინის ავტოკეფალიის, როგორც მოვლენის სტატუსის შესახებ.

რატომ ელოდება სახელმწიფო საპატრიარქოს ერთიან გადაწყვეტილებას? ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ეს ლოდინი კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმის პრინციპთან, რომლის მიხედვითაც, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან?

“რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” თავმჯდომარესა და თეოლოგს, ზვიად ცაბაძეს, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს. მისი აზრით, სახელმწიფო ასე ეწინააღმდეგება არამხოლოდ კონსტიტუციას, არამედ სახარებას, რომლის მიხედვითაც “ღმერთის მსახური და კეისარი გამიჯნულია”. თეოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქმედებებით ქვეყნის ერთ–ერთი ძლიერი ინსტიტუცია არ გაანაწყენოს.

“მთავრობის თავშეკავებულობის განმსაზღვრელი არ არის საპატრიარქოს კანონიკური პოზიცია. მთავრობის წევრების საფიქრალი მხოლოდ ერთი რამაა: მათ იციან, რომ ქვეყანაში მთავარი წამყვანი ძალა, რაც არაერთხელ უკვე დამტკიცდა თუნდაც პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის მართლმადიდებელი ეკლესია. მთავრობას არ უნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გაანაწყენოს, რადგან ის ამით დაკარგავს თავისი ლეგიტიმაციის წყაროს”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ზვიად ცაბაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიელოცა უკრაინელი კოლეგებისთვის, იქნებოდა ეს საპატრიარქოსთან კანონიკურად დამოწმებული თუ არა.

“მთავრობა ვალდებული იყო, კოლეგიალობა გამოევლინა, პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე და როგორც  თუნდაც საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა კონფესიას ულოცავს მისთვის საჭირო, დადგენილ დღესასწაულებს, ასევე მოქცეულიყო უკრაინასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ის.

ზვიად ცაბაძის პოზიციას საპატრიარქოს როლზე ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თეოლოგი ლადო ნარსიაც იზიარებს. ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას პრეზიდენტის განცხადებას განიხილავს და აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საპატრიარქოში არჩევნებამდე, მეორე მხრივ კი, მისი ადმინისტრაციის უფროსად საპატრიარქოს ფონდის ყოფილი უფროსის დანიშნვა მიანიშნებს, რომ საპატრიარქო პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ცდილობს გავლენის მოპოვებას.

თუმცა ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს შეეძლო, ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ მანამდე გახმიანებულ ცალკეულ პოზიციებზე დაყრდნობით მაინც გაეკეთებინა განცხადება უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, ავტოკეფალიის მხარდასაჭერად:

“პრეზიდენტს უნდა ეთქვა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას ამ თემის მიმართ გააჩნია სრულიად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ვინაიდან ეკლესიაც ამბობს, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეკუთვნის დამოუკიდებელი ეკლესია და ამის უამრავი მაგალითია ეპისკოპოსების შეფასებებში”, – ამბობს ის და პროცესის გაჭიანურებას ეკლესიაში რუსეთის ეკლესიის გავლენას უკავშირებს:

“საპატრიარქოსა და ოფიციალურ მმართველ ჯგუფს აქვს შიში, რომ მათი პოზიცია არ იქნას გაგებული რუსეთის მხრიდან, როგორც საწინააღმდეგო. ყველასთვის ცნობილია, რომ საპატრიარქო მოქმედებს რუსეთის ეკლესიის დირექტივით. ძალიან პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებში ის ითვალისწინებს ამ დირექტივებს”.

ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ ეს საკითხი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეკლესიის წიაღში უნდა გადაწყდეს. ეს თქვა დავით ზალკალიანმაც 16 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

აღნიშნულ პოზიციას იზიარებს თეოლოგი ლევან აბაშიძე. “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თეოლოგმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი შეაფასა რელიგიურ დავად, რომელზე პოზიციის დაფიქსირებაც საპატრიარქომ არ უნდა იჩქაროს. რაც შეეხება ხელისუფლებას, აბაშიძეს მიაჩნია, რომ ავტოკეფალია რელიგიური საკითხია, რომელიც საერო სახელმწიფოს ხელისუფლებამ არ უნდა განსაჯოს.

“თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანამედროვე, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო, მისი პრინციპია, რომ სახელმწიფო არის ნეიტრალური რელიგიის საკითხებში. სახელმწიფო არ იღებს თავის თავზე, განსაჯოს, რომელი მხარეა სწორი, როცა არის დავა. ქვეყნის შიგნითაც რომ იყოს დავა, გაიყოს ეკლესია და ორივე ამბობდეს, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელია, თვითონ სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს, რომელია სწორი. ის ნეიტრალური უნდა იყოს ამ საკითხებში. მით უმეტეს, საქმე ეხება სხვა სახელმწიფოს, სადაც არ არის ერთიანი აზრი. ჩვენმა სახელმწიფომ რომ მიულოცოს ოფიციალურად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე რელიგიურ საკითხებში განსჯის უფლება, რაც იქნება აბსოლუტურად არასწორი”, – აცხადებს ის.

თუმცა, ლევან აბაშიძე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხზე ნეიტრალიტეტს ემხრობა, არ იზიარებს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას იმის შესახებ, რომ ისინი საპატრიარქოს პოზიციას ელიან.

“ის აზრი, რომ ჩვენ დაველოდოთ საპატრიარქოს, ესეც არასწორია. საპატრიარქო რა შუაშია? შენ ხარ საერო სახელმწიფო, სადღაც, უკრაინაში არის რელიგიურ-კანონიკური დავა და შენ უნდა დაიჭირო ერთ-ერთის მხარე? არ უნდა დაიჭირო არცერთის მხარე”.

ლადო ნარსიას აზრით, მსგავს საკითხებზე მხოლოდ რელიგიურ–თეოლოგიურ კონტექსტში დისკუსია მართლაც უმჯობესი იქნებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან და რუსეთის რიტორიკიდან გამომდინარე, რთულია, უკრაინის ავტოკეფალია პოლიტიკის მიღმა განვიხილოთ.

“მივესალმები, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი დადგეს თეოლოგიური, რელიგიური განხილვის კონტექსტში.

თუმცა რუსეთში მანიპულირებენ ძალადობრივი ლექსიკით, რომ დაიწყება დაპირისპირება, რაღაც ჯგუფების მობილზება…  მათი მთლიანი რიტორიკა ემყრება პოლიტიკას.

მეორე მხრივ, ისიცაა, რომ 50-მილიონიან ქვეყანას ეროვნული თვითშეგნეების საკითხი უდგას და შეუძლებელია, ეს საკითხი დაცლილი იყოს პოლიტიკური შეფასებებისაგან”, – აცხადებს ის.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პროცესების გააქტიურებას წინ უძღოდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვა კონსტანტინოპოლისათვის, გასული წლის აპრილში, უმაღლესი რადას ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ. ამის შემდეგ ის მუდმივად იყო ჩართული საკითხთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან პროცესში.

პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, თეოლოგ ზვიად ცაბაძესაც მიაჩნია, რომ ავტოკეფალიის ცალსახად საეკლესიო საკითხად განხილვა რთულია, რაც საქართველოს ეკლესიის ისტორიიდანაც კარგად ჩანს:

“საქართველოს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეკლესიის დამოუკიდებლობის დაბრუნება მხოლოდ ეკლესიური მოვლენა არ ყოფილა. ამას წინ უძღოდა ავტოკეფალიის გაუქმება, რუსეთის ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ეკლესიურადაც დაიმონებდა. 1943 წლამდე რუსეთის ეკლესია არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და შემდეგ მაშინდელი სსრკ-ის ხელმძღვანელობის ჩარევით, იძულებული გახდა, ეცნო მისი დამოუკიდებლობა. ჩვენი დიდი, XIX-XX საუკუნის მოღვაწეები მხარდამხარ იბრძოდნენ სასულიერო პირებთან ერთად ავტოკეფალიის დაბრუნებისთვის.  ისტორიაში არაერთი ფაქტი გვაქვს, რაც იძლევა იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ საეკლესიო საკითხი არაა.   ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც სახარებისეულ კეისრისა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს არ ეწინააღმდეგება”.

უკრაინის ეკლესიის საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას თეოლოგი გოჩა ბარნოვიც უსვამს ხაზს. მისი თქმით, რუსეთის გავლენასთან ბრძოლის საერთო გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველომ უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნება ერთ-ერთმა პირველმა უნდა მიულოცოს.

“ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური აქტი. ადამიანი, რომელმაც თხოვნა ჩაიტანა კონსტანტინოპოლში ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, იყო უკრაინის პრეზიდენტი. ეს მოხდა უმაღლესი რადას მოთხოვნის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, უკრაინაელი ხალხის სურვილს გამოხატავდა.

ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადადის უკრაინის ავტოეკფალურ ეკლესიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს ძალიან პროგრესული პროცესი მის სასარგებლოდ და არ შეიძლება, ამას ხაზი გადავუსვათ. ჩვენ ერთ–ერთმა პირველებმა უნდა მივულოცოთ როგორც ხელისუფლებამ, ისე ეკლესიამ, ვინაიდან გვაქვს ერთი და იგივე ისტორიული გზა რუსეთთან ჭიდილისა”, – აღნიშნავს ის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მანამდე, საკუთარ მოსაზრებებს სინოდის წევრები დამოუკიდებლად აფიქსირებენ. ტომოსის გაფორმების შემდეგ, უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია, საუკუნეებს მანძილზე ბრძოლის შემდეგ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კი აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება მანამ, სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიხში საქართველოზე წინ არიან.

ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი