ახალი ამბები

პროკურატურამ დაზარალებულად მცნო – გიგა მაქარაშვილი

15 იანვარი, 2019 • 2253
პროკურატურამ დაზარალებულად მცნო – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

“არის! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სასამართლო განაჩენის მერე დავივლი მთელ გორს და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ყველა პლაკატს, სადაც და რამდენიც არ უნდა იყოს გაკრული”, – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

გორის მერიის მაღალჩინოსნის მიერ აქტივისტ გიგა მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ითვალისწინებს.

მოთხოვნით “დაისაჯოს გორის მერიის მოძალადე ჩინოვნიკი” ინტერნეტ-პეტიცია შეიქმნა, რომლის ადრესატები საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი არიან.

“გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის დასრულებისას, სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. საქმე აღიძრა მსუბუქი ხულიგონობის მუხლით. არც საოლქო და არც სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე. თავად ჩინოვნიკი კი გორის მერიამ არათუ სამსახურიდან გაათავისუფლა, საყვედურიც კი არ გამოუცხადა. მეტიც, პროკურატურამ მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა და შემდეგ ის დაზარალებულადაც არ ცნო. შესაბამისად, საქმე მოხვდა თაროზე და დიდი ალბათობით გორელი ჩინოვნიკი ამ საქმიდან დაუსჯელად გამოძვრება! მოვითხოვოთ სამართლიანი გამოძიება!” – ნათქვამია გიგა მაქარაშვილის პეტიციაში.

 სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი