ახალი ამბები

უკრაინის ავტოკეფალია არაა მხოლოდ საეკლესიო საკითხი – ბოკერია მთავრობას აკრიტიკებს

15 იანვარი, 2019 • 1327
უკრაინის ავტოკეფალია არაა მხოლოდ საეკლესიო საკითხი – ბოკერია მთავრობას აკრიტიკებს

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისათვის ავტოკეფალიის მილოცვის დაყოვნება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებისათვის ზიანის მომტანია.

ბოკერიას აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ საეკლესიო საკითხი არ არის, რადგან რუსეთის ეკლესია ქვეყნის ხელისუფლებაზეა დაქვემდებარებული.

“ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია შერწყმულია პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის.

ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, როგორ იყენებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ, პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტულ ომში. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია”, – აცხადებს ის.

გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ “ხელის გაშვერა ფუნდამენტურად არასწორია”, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე. “ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, პარტია გეგმავს ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარებასაც.

“საქართველოში ჩვენი კონსტიტუციით ხელისუფლება, სახელმწიფო და ეკლესია არის გაყოფილი. საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დააფიქსირონ, როგორია მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ. მათ მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, „ევროპული საქართველომათ პარლამენტში დავიბარებთ, მაგრამ თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის”, – ამბობს ბოკერია.

უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა აშშ-მა 10 იანვარს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, ჯერჯერობით დუმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხს სენსიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, უკრაინას არ მიულოცავს.


  • 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
  • 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი