ახალი ამბები

აღიარეთ უკრაინის ავტოკეფალია – პეტიცია საპატრიარქოსადმი

15 იანვარი, 2019 • 3413
აღიარეთ უკრაინის ავტოკეფალია – პეტიცია საპატრიარქოსადმი

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტში ვრცელდება პეტიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და სინოდის მიმართ. მისი ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარონ და მასთან ევქარისტულ ერთობაში შევიდნენ.

“ჩვენთვის ცნობილია ის სირთულეებით სავსე გზა, რომელიც გაიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად უკანონოდ და ძალადობრივად მიტაცებული ავტოკეფალიის პირობებში.

გვახსოვს ის სიხარულიც, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ ავტოკეფალიის აღდგენასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემას მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია არასდროს გამხდარა ეჭვის საგანი. ამ ისტორიული მეხსიერების ფონზე, ჩვენს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევთ უკრაინის ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები “საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი”. მათივე აზრით, “იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა”, შესაძლოა, ახალი საეკლესიო განხეთქილების საფუძველიც გახდეს.

“შესაბამისად,  ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლად დაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული”, – აღნიშნავენ ისინი.

ავტორები, რომლებიც თავს საქართველოს ეკლესიის წევრებად წარადგენენ, იმედოვნებენ, რომ საკითხის სინოდის დონეზე განხილვისას ეკლესიის მრევლის აზრიც იქნება გათვალისწინებული.


5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის ეკლესიაში შედგა.

მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისმხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც გასული წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

ეკლესიის მსგავსად, უცნობია, რას ფიქრობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საქართველოს მთავრობა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა კი საკითხს სენსიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, უკრაინას არ მიულოცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი