ახალი ამბები

არ ვიცი, პროექტში რატომ არ ვარ – ტრანსგენდერი ქალი “საქართველოს ვარკვლავიდან” ჩახსნეს?

14 იანვარი, 2019 • 5170
არ ვიცი, პროექტში რატომ არ ვარ – ტრანსგენდერი ქალი “საქართველოს ვარკვლავიდან” ჩახსნეს?

“საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილე, ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი, რომელმაც მეორე ტურში გადასასვლელი “ოქროს ბილეთი” მიიღო, კონკურსს გამოეთიშა.

როგორც ანასტასია პირველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისთვის სრული ინფორმაცია არავის მიუწოდებია და არ იცის, რატომ გამოეთიშა კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მიიღო. მან პრომოდან გაიგო, რომ ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა ისე, რომ მეორე ტურში არ მოუსმენიათ. ანასტასია პირველის თქმით, მისგან განსხვავებით, მეორე ტურში გადასულ სხვა კონკურსანტებს მოუსმინეს.

“მე ეთერიდან გავიგე, რომ პროექტში არ მოვხვდი. მე  არ ვიცი, პროექტში რატომ არ ვარ. ვაკუუმში ვარ და არ ვიცი, რა დავაშავე, რაში იყო პრობლემა? – ეს უნდა მცოდნოდა”, – განაცხადა ანასტასია პირველმა და დასძინა, რომ არ იცის, ჰომოფობიური მიზეზით მოხსნეს თუ არა კონკურსიდან.

“ნეტგაზეთი” “საქართველოს ვარსკვლავის” ჟიურის წევრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელიც თემას არც კი გასცნობია, ისე განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით, რომ გვიანია.

ანასტასია პირველმა კონკურსის პირველ ტურში ჟიურის ოთხივე წევრის ცალსახად დადებითი შეფასება დაიმსახურა. ნეტგაზეთს თიკო ბერძენიშვილისგან აინტერესებდა, რა შეიცვალა პირველი ტურის შემდეგ ჟიურისთვის. თავად თიკო ბერძენიშვილმა ანასტასია პირველი პირველ ტურში ასე შეაფასა:

“ანასტასია, მე ვფიქრობ, რომ შენ მოხვედი სწორედ ამ შოუში, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის “საქართველოს ვარსკვლავი”, მუსიკალური შოუ და მუსიკალური ხარ უდაოდ. მეორე, ჩვენ ვემზადებით ევროვიზიისთვის და ეს არის მრავალფეროვნების, თანასწორობის ფესტივალი და ის დიდი ხანია გასცდა მუსიკალურ კონკურსს. მესამე, ეს არის პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც ეს თავისუფლება, მრავალფეროვნება, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, თანასწორობა, ეს არხი ამისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სივრცეა”.

“საქართველოს ვარსკვლავის” Facebook გვერდზე კი დღეს გამოქვეყნებულია ინფორმაცია საბოლოო ათეულის გამოვლენის წესების შესახებ.

“მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ Pop Idol-ის ანალოგია, რომლის ლიცენზიას Frementle Media-სგან „ნოვა ფროდაქშენსი“ ექსკლუზიურად, ოფიციალურად ფლობს. 2019 წლის იანვრიდან პროექტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. შესარჩევი ეტაპის ყოველი ეპიზოდი განსაზღვრულია საერთაშორისო პროექტის ოფიციალურად დადგენილი ფორმატის მიხედვით. პროექტის ფორმატის მიხედვით, კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეების მოსმენისას ჟიური აფიქსირებს დადებით ან უარყოფით შეფასებას. დადებითი შეფასება გამოიხატება „ოქროს ბილეთით“. პირველ ეტაპზე ჟიურის არ აქვს შეზღუდვა – მას შეუძლია გასცეს იმდენი „ოქროს ბილეთი“, რამდენი კონკურსანტიც მოეწონება. წესების შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ განმარტების თანახმად, კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება „ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით. შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიმ 48 ოქროს ბილეთის მფლობელს შორის 22 კონკურსანტი შეარჩია, რომელთაც კასტინგის მეორე ეტაპზე მოუსმინა და მათგან „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო, ფინალური ათეული შეადგინა.

„საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის მეორე ეტაპი ეთერში შაბათს, 22:00 საათზე გავა.

Update: ნეტგაზეთმა თიკო ბერძენიშვილის კომენტარის ჩაწერა 15 იანვარს მოახერხა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი და შოუს ჟიურის წევრი ამბობს, რომ “კონკურსი კონკურსია”. ის ამტკიცებს, რომ პროდუსერებმა ყველა კონკურსანტი ჩააყენეს საქმის კურსში შედეგების შესახებ.

“პასუხი არის შემდეგი: კონკურსი არის კონკურსი ყველა თანასწორია, ძალიან ბევრი მაგარი მომღერალი დარჩა ათეულს მიღმა, მაგრამ კონკურენცია იყო ძალიან დიდი იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი