პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ავრცელებს

2019 წლის 13 იანვარს პატიმარი ბ.ც. გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, პატიმარი N14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს იქნა მოთავსებული.

“დაწესებულებაში მოთავსების დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი. სასჯელის მოხდის პერიოდში ბიძინა ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამსახურის ცნობით, მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა.

“13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80. ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, იგი მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com