ახალი ამბები

საკანონმდებლო წინადადება მეტი გამჭვირვალობისთვის – ჯანეზაშვილი-დოლიძე პარლამენტს მიმართავენ

14 იანვარი, 2019 • 1709
საკანონმდებლო წინადადება მეტი გამჭვირვალობისთვის – ჯანეზაშვილი-დოლიძე პარლამენტს მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე – გეგმავენ, პარლამენტს მიმართონ საკანონმდებლო წინადადებით, სადაც გაწერილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები.

“ვთავაზობთ ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტებს. ეს გახლავთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს, რომელებსაც, შესაძლოა, მომავალში მოუნდეთ უზენაესის წევრობის კანდიდატად იყვნენ დასახელებული, არ ჰქონდეთ უფლება, იმავე ორგანოს მიერ დასახელდნენ, რომლის წევრებიც თავად არიან”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილისა და დოლიძის თქმით, მათი ინიციატივა ასევე გულისხმობს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის გაცილებით გამჭვირვალე პროცესს.

“ეს გადაწყვეტილება საბჭომ აუცილებლად უნდა მიიღოს ერთხმად, აუცილებლად ღია, საჯარო გასაუბრების ფონზე, რომელსაც ნახავს ყველა მოქალაქე; წერტილ-მძიმის გარჩევით შესაძლებელი არ იქნება ქართველი ხალხის მოტყუება და სწორედ ისე მახინჯურად, როგორც აქამდე გაკეთდა- არასასურველი, არადამოუკიდებელი ხალხის ჩუმად შეყვანა უზენაეს სასამართლოში რაღაც სამუშაო ჯგუფების გამოცხადებით დახურულ კარს მიღმა”, – უთხრა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს დღეს, 14 იანვარს.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაასახელა პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე, ომბუდსმენმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სიის მოულოდნელმა წარდგენამ დაპირისპირება გამოიწვია მმართველ გუნდში, რასაც მოჰყვა ეკა ბესელიას გადადგომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან. პარლამენტში სიის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერდა. პარლამენტში საუბრობენ, რომ შეიმუშავებენ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმს. სადავო სიის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ უცნობია, თუ რის საფუძველზე, რა კრიტრიუმებზე დაყრდნობით შეადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი