კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. აღნიშნულ საქმეზე დავით კირკიტაძეს 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ასევე მოეხსნა.

საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 2015 წლის 23 თებერვალს. გამოძიება დავით კირტიკაძეს ედავებოდა, რომ 2011-2012 წლებში, მისი მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს- რუსთავი2011-ისა” და შპს “ტიტანი 2011-ის” მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს 248 400 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. დავით კირკიტაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლომ მას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ, გამოძიება მას ედავება 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას. აღნიშნულ საქმეზე დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი