მოქალაქე სარჩელით პარლამენტის თავმჯდომარისგან FB-ზე “ბლოკის” მოხსნას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მოქალაქის სახელით სასამართლოს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდზე მისთვის “ბლოკის” მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

“GDI მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ დამფუძნებლის, მარიამ დოლიძის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას. აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძსგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას”, – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 08 აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

“კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.

მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირდაპირ  და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება, ზოგადად, მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით.

GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის პარლამენტის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com