პრემიერის მისალოცი ბარათი წითელაშვილს – მთავრობა კომენტარს არ აკეთებს

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერის მხრიდან ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც ბარათზე კომენტარს არ აკეთებს. დღეს წითელაშვილისთვის მილოცვის გამო მთავრობა გააკრიტიკა ოპოზიციამ, კერძოდ, ევროპულმა საქართველომ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ ანტიდასვალური და პრორუსული პოზიციების მქონე წითელაშვილს მისალოცი ბარათი გაუგზავნა, თუმცა არ გახსენებია 2008 წლის ომის მონაწილე მებრძოლები, ვეტერანები, რომელთაც ჯილდოებიც აქვთ მიღებული, მაგრამ ბახტაძისგან მისალოცი წერილი არ მიუღიათ.

„ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია”, – რუსთავი 2-ის ცნობით ეს კომენტარი გააკეთა თავად წითელაშვილმა და დასძინა, რომ მას ახალ წელს გიორგი კვირიკაშვილიც ულოცავდა, როგორც ვეტერანს. წითელაშვილის თქმით, კვირიკაშვილისგან სასაჩუქრე ამანათიც აქვს მიღებული ღვინისა და კონიაკის სახით.

წითელაშვილი 2016 წელს გაეხვა სკანდალში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესაძლო შესვლის საკითხზე. მას არაერთი ანტიდასავლური განცხადება აქვს გაკეთებული, რომ თითქოს აშშ-ის ელჩი  საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, “დასავლეთი ებრძვის” საქართველოს, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზადაა, თბილისთან ისაუბროს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე და ა.შ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com