ახალი ამბები

უვადოდ არ უნდა დაინიშნონ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ რეჟიმს – ბესელია

14 იანვარი, 2019 • 1108
უვადოდ არ უნდა დაინიშნონ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ რეჟიმს – ბესელია

პარლამენტარი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბრძოლის პირველი ეტაპი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში მოგებულია. მისივე თქმით, ახლა იწყება მეორე ეტაპი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტირიუმების შემუშავება.

“ახლა იქნება მეორე ეტაპი, რომლის მიზანია, შემუშავდეს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ ვერ განწესდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური”, – თქვა ეკა ბესელიამ პარლამენტში დღეს, 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

ეკა ბესელიას თქმით, პირველი ეტაპის მიზანი უკვე მიღწეულია:

“ამ ეტაპზე პირველი მიზანი არის მიღწეული – იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე არ ყოფილიყო განხილული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს ორივე მიზანი მიღწეულია პირველ ეტაპზე და მიღწეულია იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს (26 დეკემბერს) და, ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი”, – მიიჩნევს ბესელია.

დეპუტატის თქმით, ეს იყო ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სასამართლო და მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს:

“ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის მიერ, ეს სია ვერ დამტკიცდება და მიღებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი