ახალი ამბები

ტრამპი თურქეთს “ეკონომიკური განადგურებით” ემუქრება

14 იანვარი, 2019 • 2055
ტრამპი თურქეთს “ეკონომიკური განადგურებით” ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს დაემუქრა. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი სირიაში ქურთ მებრძოლებს შეუტევს, აშშ თურქეთს “ეკონომიკურად გაანადგურებს”. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.

დონალ ტრამპი ასევე წერს, რომ მას არ სურს, ქურთებმა პროვოცირება გაუწიონ თურქეთს.

“რუსეთმა, ირანმა და სირიამ დიდი სარგებელი ნახეს აშშ-ის ხანგრძლივი პოლიტიკის შედეგად, რომლის მიზანი იყო სირიაში ISIS-ის განადგურება. სარგებელი ჩვენც ვნახეთ, მაგრამ დროა, ჩვენი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ. უნდა დასრულდეს დაუსრულებელი ომი!” – წერს ტრამპი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ ტერორისტულ საფრთხეს ახლომდებარე სამხედრო ბაზიდან უპასუხებს.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნული პოსტით კიდევ ერთხელ ეხმაურება თავის გადაწყვეტილებას სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ. ამერიკელი სამხედროების მცირე ჯგუფი სირიაში თავდაპირველად ობამას პრეზიდენტობისას, 2015 წელს ჩავიდა. ამერიკელები ქურთ მებრძოლებს ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან და ბაშარ ალ ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში ეხმარებოდნენ, ძირითადად, წვრთნიდნენ. ამჟამად სირიაში 2 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომელთა ქვეყნიდან გაყვანის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა ერთი თვის წინ განაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ქურთებისთვის, რომლებიც სირიაზე დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნისთვის დიდი ხანია იბრძვიან, თუმცა თურქეთი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. “ქურთების არმიას” ((YPG) თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან არ დაუშვებს მათ გაძლიერებას, მით უმეტეს, ქურთული სახელმწიფოს შექმნას.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოს წევრი თურქეთი ხშირად აკრიტიკებდა ქურთების დახმარების გამო. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა სწორედ ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრის შემდეგ პომპეომ თქვა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა არ გაუმჟღავნებია მოლაპარაკების დეტალები. გარდა ამისა, პომპეომ თქვა, რომ თურქეთს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი ტერორისტებისგან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ისინი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ამერიკელთა მხარდამხარ იბრძოდნენ, დაცვას იმსახურებენ.

დონალდ ტრამპმა თურქეთის შესახებ დაწერილ პოსტში ახსენა თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიაში, 20-მილიანი (32 კმ) უსაფრთხო ზონის შექმნა. სავარაუდოა, რომ მაიკ პომპეოს თურქეთთან მოლაპარაკების მიზანი სწორედ ეს არის.

“პატივი ეცით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ტერორისტები არ შეიძლება იყვნენ თქვენი პარტნიორები და მოკავშირეები”, – პრეზიდენტ ტრამპის პოსტს ამ შინაარსის პოსტით გამოეხმაურა პრეზიდენტ ერდოღანის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი