ცხოველთა წამება აზერბაიჯანში და ალიევის ოჯახი ძაღლების უფლებებისთვის

აზერბაიჯანში ცხოველთა უფლებების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შვილმა, ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის ვიცე პრეზიდენტმა ლეილა ალიევამ აზერბაიჯანში ცხოველთა დაცვის პროპაგანდა დაიწყო.

მისი ინიციატივით ქვეყანაში ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის რამდენიმე თავშესაფარი გაიხსნა და ცხოველთა უფლებების საკითხებზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახისთვის ცხოველთა დაცვის თემა პოპულარული გახდა, ცხოველთა დაცვის საკითხით ქვეყნის ელიტაც დაინტერესდა. პოპულარულმა მომღერალმა ელნურ ჰუსეინოვმა გახსნა თავშეასფარი Candor school, ძაღლებისთვის კერძო თავშესაფრების გახსნა დაიწყეს ჩინოვნიკებმაც. პარალელურად გაიხსნა უსახლკარო ცხოველთა გადარჩენის ცენტრი (IACC) – სადაც მუშაობს კლინიკა, საკარანტინო ბლოკები, სასტუმრო ცხოველებისთვის, მზრუნველობის სექცია. ცენტრი პრეზიდენტის შვილმა, ლეილა ალიევამ თავად გახსნა. 

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის საყვარელ საქმიანობად გადაიქცა ცხოველთა დაცვა, ამან შედეგი ვერ მოიტანა. აზერბაიჯანულენოვან სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება ვიდეომასალაები, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ცხოველებზე და როგორ ცემენ ანდა ხვრეტენ ცეცხლსასროლი იარაღით ძაღლებს და კატებს. 

ცხოველთა უფლებებათა დაცვის სფეროში მომუშავე აქტივისტები კი ავრცელებენ  განცხადებებსა და მოწოდებებს, ასევე ღია წერილებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მისამართით, რომ ცხოველთა დაცვის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანონ.

ნაილია რუსტამოვა აქტივისტია. 12 წლის იყო, როდესაც პირველად წაიყვანა დაჭრილი ძაღლები ვეტერინარიულ კლინიკაში. შემდეგ წლების განმავლობაში უვლიდა უსახლკარო ცხოველებს და ეხმარებოდა მათ საკვებით, თავშესაფრით, მედიკამენტებით.

“თანდათანობით ვიაზრებდი, რომ ეს ზღვაში წვეთი იყო. მაშინ გადავწყვიტე თავშესაფრის გახსნა. დღეს 100-ზე მეტი ძაღლი გვყავს. ძირითადად ეს არიან ავადმყოფი, დასახიჩრებული ძაღლები. მკურნალობის შემდეგ ბევრი ცხოველი პოულობს კარგ პატრონს”, – ამბობს თავშესაფრის ხელმძღვანელი.

მისი მონაყოლით, მთავარი პრობლემა არ არის ძაღლებისთვის საკვებისა და წამლების ყიდვა, წყალმომარაგება, ელექტრონერგია ან სამკურნალო კლინიკის ხარჯები:

“მთავარი პრობლემა ადამიანების, მოქალაქეების დამოკიდებულებაა. ხალხი ჩვენ მიმართ აგრესიულია და არ მოსწონთ რომ ცხოველებზე ვზრუნავთ. ჩვენი საზოგადოება ცხოველებში მხოლოდ საფრთხეს ხედავს, ამიტომაც არ უყვართ ისინი და ეშინიათ მათი”.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცხოველთა დაცვის პოლიტიკას ატარებს, ეს არ ცვლის ადგილობრივი ჩინოვნიკების დამოკიდებულებას.

“პოლიცია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები არა თუ გვეხმარებიან, პირიქით, თავშესაფრების დახურვას და ჩვენი საქმიანობის შეწყვეტას ცდილობენ. ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენ წინააღმდეგ ამხედრებენ. იყო გახმაურებელი შემთხვევა, როდესაც პოლიციელმა ძაღლს თავად ამოთხარა თვალები და ხეზე ჩამოკიდა”.

პარალელურად, როგორც ცხოველთა დაცვის აქტივისტები ამბობენ, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს ხოცავენ.

“თუმცა, ამას საიდუმლოდ აკეთებენ, ღამით და ამის დამტკიცება რთულია. ძირითადად ვპოულობთ მკვდარ ან დაჭრილ კატებსა და ძაღლებს. დათვალიერებით ან რენტგრენით ჩანს რომ ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული, თუმცა, დაამტკიცო რომ ეს მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ჩაიდინა, რთულია. რამდენიმე შემთხვევაში დავადასტურეთ ეს და მაშინ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურებიდან დაითხოვეს”.

მხოლოდ 2017 წელს ბაქოში ძაღლების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის გამო, აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის შვიდი თანამშრომლის დათხოვნას და დაჯარიმებას მიაღწიეს.

შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ ევროპულ კონვენციას აზერბაიჯანმა ხელი 2003 წელს მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 2007 წელს მოხდა.

2011 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო და კრძალავს ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისა და ლეკვების დახოცვას. იგივე კანონი ითვალისწინებს ცხოველთა დაძინებას ცოფის, სოცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნების და ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებში.

2013 წელს აზერბაიჯანში ათჯერ გაიზარდა ჯარიმების ოდენობა კანონის დარღვევის შემთხვევაში – 20  [10 ევრო] აზერბაიჯანული მანათიდან 200 მანათამდე [100 ევრო]

აქტივისტი ამბობს, რომ კანონის გამკაცრებას რადიკალური ცვლილებები ამ კუთხით არ გამოუწვევია, რამდენადაც ჯარიმის ოდენობა მაინც დაბალია, მისი აზრით.

პრობლემა იმაშიცაა, რომ სამართალდამცველები თვალს ხუჭავენ ცხოველთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რაც მისი აზრით, მენტალური პრობლემაა.

“ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ამიტომაც არ იმჩნევენ ძალადობის ფაქტებს და არც დამნაშავეები ისჯებიან. ამიტომაც, საჭიროა რეალური და რადიკალური ცვლილებები. აქტივისტები და სახელმწიფო უნდა თანამშრომლობდნენ, მრავალრიცხოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი და უნდა ვასწავლოთ ადამიანებს როგორ უნდა მოეპყრონ ცხოველებს. ბედნიერი ვიქნებოდით, განათლების სამინისტროს ნებართვა მოეცა სკოლებში მოსწავლეებს შევხვედროდით ამ საკითხებზე. ზოგჯერ ვხედავთ, რომ მოსწავლეები მწოლიარე ძაღლს ან კატას წიხლს არტყამენ, ეს ძალიან სევდიანი საყურებელია”.

ამასთან, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავეები ფიქრობენ, რომ ყველაზე რადიკალური ზომების მიღებაა საჭრო:  ჯარიმები ცხოველის მიმართ სასტიკის მოპყრობის გამო უნდა იყოს ძალიან მაღალი, თუნდაც 400, 500 ევრო და ზოგადად, ეს აქტი კრიმინალიზებული უნდა იყოს და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ უნდა იყოს მიჩნეული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გუნელ მევლუდი