საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო გადადგა

მაკედონიასთან ქვეყნის სახელწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმების მიმართ პროტესტის ნიშნად, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, მემარჯვენე პანოს კამენოსმა, 13 იანვარს თანამდებობა დატოვა.

“გარდიანის” თანახმად, კამენოსის ეს ნაბიჯი გაურკვეველ ვითარებაში ტოვებს საბერძნეთის კოალიციურ მთავრობას.

“სახელწოდება “მაკედონიის” საკითხი არ მაძლევს უფლებას, არ დავთმო მინისტრის სკამი”, – თქვა კამენოსმა კვირა დილას პრემიერ ალექსის ციპრასთან შეხვედრის შემდეგ.

საბერძნეთმა და მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელსაც იუგოსლავდიიდან გამოყოფის შემდეგ, 27 წელია, მაკედონია ჰქვია, სახელის შესახებ შეთანხმებას 2018 წლის ზაფხულში მიაღწიეს. სახელმწიფოს მაკედონიის ნაცვლად, მომავალში უწოდებენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას (მაკედონიურად ჟღერს როგორც Severna Makedonija). სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა სახელმწიფომ მაკედონია დაირქვა, ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ამით ისინი გარკვეულ ტერიტორიულ პრეტენზიას გამოთქვამდნენ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონ მაკედონიაზე, სადაც მდებარეობს ქალაქი სალონიკი. გარდა ამისა, დავა ნაწილობრიკვ უკავშირდება ალქესანდრე დიდს, იგივე ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც იყო ცნობილი ბერძენი მმართველი. 1991 წელს წარმოქმნილმა სახელმწიფომ, მაკედონიის დარქმევის გარდა, დედაქალაქ სკოპიეს მთავარ საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე დიდის სახელი უწოდა.

კამენოსი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ შეთანხმებას, რომლის პირობებშიც მეზობელი ქვეყნის დასახელებაში სიტყვა “მაკედონია” დარჩებოდა, აპირებს, თან გაიყოლოს მინისტრთა კაბინეტის კიდევ ექვსი მინისტრი, რომელიც მის პარტიაში ერთიანედება.

თავდაცვის მინისტრის ამ ნაბიჯით, პრემიერის პარტია “სირიზა” რთულ ვითარებაში რჩება.

ქვეყნის 300-დეპუტატიან პარლამენტში საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის პარტია “სირიზას” 145 დეპუტატი ჰყავს. თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, პანოს კამენოსის, “დამოუკიდებელ ბერძენთა” პარტიას კი — 7. ისინი კოალიციას ქმნიდნენ და ასე ჰქონდათ პარლამენტში უმრავლესობა.

მინისტრის მიერ კოალიციის დატოვებით ციპრასმა დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შანსს აჩენს;

სავარაუდოდ მომავალ კვირას საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის ციპრასისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს; კამენოსმა განაცხადა, რომ მისი პარტია ციპრასს არ დაუჭერს მხარს.

ნახეთ ასევე:

მაკედონიის პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის შეცვლას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com