ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ 31 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნებს ინტიმურ მიმოწერას აიძულებდა

13 იანვარი, 2019 • 4494
შსს: დავაკავეთ 31 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნებს ინტიმურ მიმოწერას აიძულებდა

31 წლის კაცი არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებითაა დაკავებული, — იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბრალდებული, ინიციალებით ნ.კ, 13 იანვარს დააკავეს.

შსს-მ გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინების შემდეგ დაიწყო. ამ შემთხვევაზე ინფორმაცია 12 იანვრის საღამოს ნეტგაზეთმა გაავრცელა. მშობელი წერდა, რომ მის 9 წლის შვილს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა;

როგორც ბავშვის დედამ ფეისბუკზე დაწერა, უცნობი კაცი მის შვილს პირადი ცხოვრების შესახებ ეკითხებოდა დეტალებს, მათ შორის, ჰყავს თუ არა შეყვარებული; ასევე, ეუბნებოდა, არავისთვის ეთქვა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა; ბოლოს, როდესაც ბავშვმა მას აღარ უპასუხა წერილებზე, ფოტოების “სადღაც” ატვირთვით დაემუქრა.

შსს-ის ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნ.კ ფეისბუკით სისტემატურად აიძულებდა არასრულწლოვნებს, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ.

“ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულება) და 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი