ჩამოიტანეს H1N1 გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ტამიფლუს 13 000 დოზა

12 იანვარს საქართველოში ჩამოიტანეს H1N1 გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტის, ტამიფლუს ახალი მარაგი — 13 000 სამკურნალო დოზა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თანახმად, ტამიფლუს გაცემა 12 იანვარს საღამოს 8-9 საათიდან დაიწყება თბილისში, რეგიონებში კი — 13 იანვარს 12 საათიდან.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის ანტივირუსული პრეპარატის განაწილების დროს განაცახადა, რომ ეს 13 000 კოლოფი, 13 000 სამკურნალო დოზა სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. “თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – დასძინა სერგეენკომ.

მინისტრის თანახმად, პრეპარატის გადანაწილების პროცესი უკვე დაწყებულია. ტამიფლუ სამი მიმართულებით განაწილდება:

1) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში რაიონებში, რომლებიც აქამდე პრეპარატს მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე გასცემდნენ;

2) აფთიაქებში, რომელთა ჩამონათვალი და ადგილმდებარეობაც მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. ამ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ცხელ ხაზზე — 1505. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში;

3) საოჯახო მედიცინის ცენტრებში თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ;

მინისტრმა განაცხადა, რომ H1N1 გრიპის მკურნალობის შესახებ შეჯამებული მონაცემები 14 იანვრის დილით იქნება ცნობილი, წინასწარი მონაცემები კი “კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს”.


სერგეენკომ 11 იანვარს განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტამიფლუს საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

 გარდა აფთიაქებისა ანტივირუსული მედიკამენტი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა. 

 აფთიაქებში კი „ტამიფლუს“ ფასი 50-დან 100 ლარამდე ღირდა. ბოლო პერიოდში ის დეფიციტური გახდა.

გარდა ამისა დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com